
თურქეთში 3 წლის გოგო მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ გადაარჩინეს
მაშველებმა იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 3 წლის გოგო ამოიყვანეს. ამის შესახებ Anadolu იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, ელიფ პერინჩეკი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოჯახის წევრები მის გადარჩენას სასწაულს უწოდებენ. ჯამში მაშველებმა ნანგრევებიდან 106 ადამიანი ამოიყვანეს.
ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენშიც.
კომენტარი