Euobserver - ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება
ბიძინა ივანიშვილმა თქვა,
რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან
"ახალ წლამდე"
გადადგება,
- ამის შესახებ ბელგიური გამოცემა
Euobserver-ი წერს,
რომელმაც ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა.
სტატიის ავტორი, ანდრიუ რეტმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრს თავისი ქვეყნის მომავლისთვის "ოცნება" აქვს, მაგრამ ოპონენტები მას დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხედ მიიჩნევენ.
პუბლიკაციის თანახმად, ივანიშვილს საქართველოს "ტიპურ" ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნესცენტრად გარდაქმნა სურს.
"ეს
ჩემი ოცნებაა. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუკი ყველაფერი იდეალურად განვითარდება. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ხმამაღლა თქმა არ მინდა, რომ ვიღაცას არ გაეცინოს. მაგრამ გულის სიღრმეში, მჯერა, რომ ამის შესაძლებლობა არის", - აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 57 წლის ბიზნესმენმა თავისი ქონება ლითონის და საბანკო ბიზნესის სფეროში, 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.
"პოლიტიკაში 2011 წელს შეაბიჯა და 2012 წლის თავისუფალ არჩევნებში ხელისუფლებას ჩამოაცილა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მან ამ ინტერვიუში თქვა, რომ მისი ოცნების განცხორციელებას შეიძლება "20 წელი" დასჭირდეს. მან ასევე თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება, იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორთან ერთად თავისი გენერალური გეგმის განხორციელებაზე იმუშაოს. გეგმა, საქართველოს ელიტარული კორუფციისგან გაწმენდაში, კარგი სკოლების, საავადმყოფოების და გზების აშენებაში, ასევე უცხოელი ინვესტორების და ტურისტების მოზიდვაში მდგომარეობს", - წერს ავტორი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის პროკურორებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთ მინისტრს, რამდენიმე ჩინოვნიკს და ადგილობრივ მოხელეს ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და შეკვეთილ მკვლელობებში.
სტატიის თანახმად, ახალი პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ გაანადგურებს სააკაშვილის "შავ ყუთებს" – უკანონო ჩანაწერებს, ფარულ ვიდეოებს და მონაცემებს, რომელიც ქსელში მასობრივი თვალთვალის პროგრამით არის მოპოვებული.
სტატიის ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს თვალთვალის ოპერაცია ჯორჯ ორუელის 1984-ს აგონებს - ბრიტანულ ნოველას ტოტალიტარიზმზე.
პუბლიკაციის თანახმად, პრემიერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგეს, მას შემდეგ, რაც იმუნიტეტი ამოეწურება.
"პოლიტიკურად, ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ კანონის უზენაესობა ყველაზე ვრცელდება", - აცხადებს ივანიშვილი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პრემიერმა მეტი სანდოობისთვის, საკუთარი ქმედებების მონიტორინგის მიზნით უცხოელი დამკვირვებლები მიიწვია და დასაჯა საკუთარი მთავრობის ორი მინისტრი, რომლებმაც კანონი დაარღვიეს.
პუბლიკაციაში საუბარია 10 მილიარდიან კერძო საინვესტიციო ფონდზეც, რომლის შექმნასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობაზე.
"საერთაშორისო ურთიერთობებში, ის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების გზას ადგას და "სერიოზულ წინსვლას" ელის საქართველო-ნატოს ინტეგრაციის მხრივ 2014 წელს. ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო რაც უფრო აყვავდება, მით უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თანაცხოვრების და გაერთიანების სურვილი გაუჩნდეს", - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ივანიშვილის კეთილი სურვილების არ სჯერა. სტატიაში მოყვანილია გიგა ბოკერიას ციტატა, რომელიც ყოფილი მინისტრების სამართლებრივ დევნას "შერჩევით სამართალს და მთავარი პოლიტიკური პარტიის განადგურებას" უწოდებს.
"ევროკავშირში ერთმა წყარომ, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვეთქვა, გვითხრა, რომ სააკაშვილს "ძალაუფლება მონოპოლიზებული" ჰქონდა და რომ საქართველოს ახლა აქვს "შესაძლებლობა, გახდეს უფრო სრულფასოვანი დემოკრატია". მაგრამ მან ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ამ საქმისთვის სწორი ფიგურაა. ის არ არის პირველი დიდი ბიზნესმენი, თავის ასაკში, რომელსაც უნდა, თავის თავს დაუმტკიცოს, რომ პოლიტიკოსობაც შეუძლია. ის სწრაფად სწავლობს, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ყველა ხაფანგის შესახებ არ იცის", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ბოკერიას აზრით, ივანიშვილი ერთ ხაფანგში უკვე გაება.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილმა ციხიდან ათობით რადიკალი "ავაზაკი" გამოუშვა, რომლებსაც სააკაშვილის "პოლიტიკური პატიმრები" დაარქვა.
"ბოკერიამ, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მთავარმა მრჩეველმა, თქვა, რომ მსგავსმა ადამიანებმა სიკვდილამდე სცემეს რამდენიმე სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი თბილისში, მაისში, რასაც მართლმადიდებელი მღვდლები და პოლიცია თვალს ადევნებდა", - წერს გამოცემა.
ავტორი აღნიშნავს, რომ მოგვიანებით, ივანიშვილმა
Euobserver-ში
წერილი გამოაქვეყნა, სადაც უმცირესოებების დაცვის პირობას დებს.
თუმცა, ავტორის ცნობით, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ქვეყნის შიგნით "ორაზროვანი" იყო და თავდასხმისთვის არავინ დასჯილა.
"თუკი ისინი კვლავაც შეეგუებიან ასეთი ჯგუფების არსებობას და ამ ტიპის ადამიანებს გმირებად შერაცხავენ, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში აღმოჩნდება", - აცხადებს ბოკერია.
სტატიის ქართულ თარგმანს
Foreignpress.ge ავრცელებს.
კომენტარი