
პერუში მსხვერპლად შეწირული 250 ბავშვის საფლავი აღმოაჩინეს
დასავლეთ პერუში არქეოლოგებმა უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც მსხვერპლად შეწირული 250 ბავშვია დაკრძალული - ამის შესახებ ადგილობრივი რადიო სადგური RPP ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ფერენ კასტილიო აცხადებს, მცირეწლოვანი ბავშვების ნეშტებს ღრმა ჭრილობები აღენიშნებათ მუცლისა და ნეკნების არეში. კვლევების მიხედვით, სამარხები მე-13 - მე-15 საუკუნეებით თარიღდება და უშუალოდ არის დაკავშირებული მაღალგანვითარებული პრე-კოლუმბიური ჩიმუს კულტურის რიტუალებთან.
გარდა ამისა, ბავშვები უჩვეულო პოზაში იყვნენ დაკრძალულნი. არქეოლოგების აზრით, დამარხვის ეს ფორმა სწორედ მკვლელობებზე მიუთითებს. მათი თქმით, 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები წვიმის ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად.
კასტილიოს განცხადებით, ბავშვების სამარხის გარდა, ასევე აღმოჩენილია 40-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის საფლავიც, რომლებიც ძირითადად ჯარისკაცებსა და პატიმრებს ეკუთვნით. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ისინიც ღმერთებს შეეწირნენ.
RPP-ის ცნობით, აღმოჩენილი ნეშტები საფუძვლიანი კვლევისთვის ტრეჟილოს ეროვნული უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გადაასვენეს.
კომენტარი