გიგა ბოკერია: საქართველოს მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო საფრთხე რჩება
საქართველოს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურაზე ჯერ არ მსჯელობს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ რადიოსადგურ "ეხო მასკვისთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ საკითხზე მის მიერ კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება.
"ჯერ არავითარი ფიგურა არ განიხილება. ჯერ საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით. როდესაც დაიწყება საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისი, ფიგურებს მაშინ განვიხილავთ და გადავწყვეტთ, ვისი კანდიდატურა წამოვაყენოთ", - განაცხადა ბოკერიამ.
ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყველაზე დიდი მტრის, პუტინის გზა გაიმეოროს და პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს, ბოკერია პასუხობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნებისმიერი სახის პარალელის გავლება დაუშვებელია.
"ამ თემაზე კომენტარი თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პარალელი რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელ სიტუაციებს შორის არაადეკვატურია, რადგან ჩვენ განსხვავებული მიმართულებებით მივდივართ. საქართველოში რეფორმის შედეგად ხელისუფლების ერთი ცენტრი აღარ იარსებებს, რადგან საპრეზიდენტო სისტემა გადადის საპარლამენტო სისტემაში, სადაც პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს სერიოზული ხელისუფლება ექნებათ. თუმცა პრეზიდენტი ისევ საყოველთაო გზით იქნება არჩეული და მნიშვნელოვან პოლიტიკურ წონას შეინარჩუნებს.
შედეგი დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული იქნება. რუსეთში ამგვარი ტენდენციები არ შეიმჩნევა. იქ მოხდა მხოლოდ ფორმალური როტაცია და რეალურად ძალაუფლება ყოველთვის იმავე ინდივიდის ხელში რჩებოდა, რომელიც ძალიან მალე ისევ ოფიციალურად გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. რუსული პოლიტიკის ექსპერტი და მიმომხილველი არ ვარ, მაგრამ ეს ნათელი ფაქტია. საქართველოში ამგვარი რამ შეუძლებელია. იმისთვის, რომ საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე ვისაუბროთ, დრო უნდა გავიდეს", - განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანს კითხვა საქართველოში სირიის სცენარის შესაძლო განმეორების შესახებაც დაუსვეს, რასაც გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ამგვარი განცხადებით, ერთმა "მოუმწიფებელმა პოლიტიკოსმა" შემდგომი "გაუაზრებელი პოლიტიკის" გამართლება სცადა.
"არავითარი სერიოზული დისკუსია საქართველოში სირიის სცენარის შესაძლო განმეორებაზე არც ყოფილა და შეუძლებელია იყოს. ყველამ კარგად იცის, როგორი მდგომარეობაა საქართველოში. ქართული საზოგადოების განწყობას თუნდაც NDI-ს კვლევები ასახავს. საზოგადოების უმეტესობა მხარს უჭერს ხელისუფლების კურსს",- აღნიშნავს ბოკერია და ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა არ არის.
გიგა ბოკერიამ საგარეო პოლიტიკის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება:
„საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან თანამშრომლობის გამო, მოსკოვის უკმაყოფილება ცინიზმია. ასეთი შეფასება მისცა მან რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი მიდგომას.
მისი თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს. კითხვაზე, კრემლის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ხომ არ ღირს ამგვარ თანამშრომლობაზე უარის თქმა, ბოკერიამ უპასუხა: "იქნებ, საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე ვთქვათ უარი?!"
"იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ასევე აღიზიანებს კრემლს, მაგრამ საქართველოში ასე მსჯელობას არავინ აპირებს: არც მთავრობა და არც საზოგადოება. ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა აღიაზიანებს რუსეთს, მაგრამ ამაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ასევე, არ ვაპირებთ უარი ვთქვათ თავდაცვისუნარიანობის ლეგიტიმურ უფლებაზე. ეს მათი საქმე არ არის. ეს ჩვენი თანამშრომლობაა აშშ-სთან და ეს რუსეთს არ ეხება. ეს თანამშრომლობა არ არის ვინმეს წინააღმდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი საქართველოს უფლებას აძლევს საკუთარი ტერტირორია ძალის გამოყენებით დაიცვას, საქართველოს პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება, არ გამოიყენოს ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ბოკერია ასევე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ თავდაცვას ემსახურებოდა.
გიგა ბოკერია არც რუსეთთან ახალი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
უშიშროების საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ამ მიმართულებით სრულმასშტაბიან ნაბიჯებს, თუმცა, მისი აზრით, რუსეთში არსებობს "საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი".
"და ეს საქმე 2008 წელს "ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი". საქართველო აგრძელებს იმ კურსს, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი იყო. ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი არსებობის, ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტერგაციის კურსი. სანამ არსებობს ხალხის ნების ასეთი გამოხატვა და ამ ნების შემსრულებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რუსეთის ხელისუფლებსთან პრობლემა იქნება. ასე რომ, ასეთი საფრთხის საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება. საქართველოს პერსპექტივებისთვის მთავარ საფრთხედ რჩება რუსეთის სამხედრო საფრთხე იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება მილიტარიზაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავება, იმის გამო, რომ შემოდგომაზე გაიმართება სამხედრო სწავლება", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე შეფასებით, რუსული სამხედრო სწავლება "კავკასია 2012" შეშფოთების საფუძველი იქნება დროის, მასშტაბის, მიზნების, მათ შორის ირანის პრობლემაზე რეაგირების დამუშავების და იმის გათვალისწინებით, რომ წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზეც გაიმართება. თუმცა ბოკერია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სიტუაცია და სხვა ფაქტორები ამ პოტენციური გადაწყვეტილების განხორციელებას არ დაუშვებს.
"მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასეთი საფრთხის გამორიცხვა არ შეგვიძლია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებსაც. არის კიდევ ერთი ფაქტორი. ეს ტერორიზმია. გასულ წელს გვქონდა ტერაქტის მცდელობის 10 შემთხვევა, მათ შორის რამდენიმე წარმატებული მცდელობა იყო. ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ამ ქმედებების კოორდინირებას ახდენდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სპეცსამსახურები. დავასახელეთ კონკრეტული სახელებიც. საბედნიეროდ, უკვე რაღაც დროის განმავლობაში ჩვენთან არანაირი მცდელობა აღარ ყოფილა და იმედი მაქვს, ასევე გაგრძელდება, მაგრამ საფრთხე არსებობს", - განაცხადა ბოკერიამ.
მომზადებულია ინტერპრესნიუსის მიხედვით
კომენტარი