სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანია ნავსის გასატეხად ემზადება

გერმანია ნავსის გასატეხად ემზადება

ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. გერმანია და იტალია მსოფლიო ფეხბურთის გრანდები არიან და გასაკვირი არაა, რომ ისინი აქამდე ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრიან.
ვარშავაში გასამართ მატჩში, ფავორიტად იოახიმ ლიოვის გუნდი ითვლება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გერმანელებს იტალიელებისთვის ოფიციალურ მატჩში არასდროს მოუგიათ. გუნდები ერთმანეთს სულ 30-ჯერ დაუპირისპირდნენ. გერმანელებმა 7-ჯერ მოიგეს და ყველა ეს შეხვედრა ამხანაგური იყო. 9 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 14-ჯერ იტალიელებმა იმარჯვეს.

გუნდების პირველი შეხვედრა 1923 წელს, მილანში ჩატარდა და მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს. გერმანიისა და იტალიის ბოლო დაპირისპირება დორტმუნდში გაიმართა და იგი ფრედ, 1:1 დასრულდა. დორტმუნდმა უმასპინძლა გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო ოფიციალურ მატჩსაც. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, გროსოსა და დელ პიეროს მიერ დამატებით ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, “სკუადრა აძურამ” “ბუნდესმანშაფტს” სძლია.

ევროპის ჩემპიონატზე, გერმანია და იტალია ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან. პირველად გუნდები ერთმანეთს 1988 წელს შეხვდნენ. ჯგუფურ ეტაპზე, დიუსელდორფში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. 8 წლის შემდეგ, კვლავ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდები ერთმანეთს უკვე უგოლოდ დაუზავდნენ, რის შემდეგაც, გერმანიამ პირველი ადგილი დაიკავა, იტალია კი ჯგუფში ჩარჩა.
გერმანიის ნაკრებმა იტალიის დამარცხება უკანასკნელად 1995 წელს, ციურიხში გამართულ ამხანაგურ მატჩში მოახერხა. ის შეხვედრა 2:0 დასრულდა. დღეს, იოახიმ ლიოვის გუნდი, 17-წლიანი ნავსის გატეხვას შეეცდება.

გუნდებს შორის გამართული ბოლო მატჩის (2011 წლის 9 თებერვალი) შემდეგ, გერმანიის ნაკრებში მცირე ცვლილებები მოხდა. იმ შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელთაგან, ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მხოლოდ აოგო და გროსკროიტცი არ არიან. რაც შეეხებათ იტალიელებს, მათ განაცხადში რანოკია, კრიშიტო, კასანი, აკვილანი, მაური, პაცინი და ბორიელო არ არიან.
გერმანია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მეშვიდედ ითამაშებს. წინა 6 მცდელობიდან, ბუნდესნაკრები ფინალში 5-ჯერ გავიდა. რაც შეეხება იტალიას – “სკუადრა აძურას” კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში 3-ჯერ უთამაშია, მაგრამ იტალიელებს ამ ეტაპზე ჯერ ერთი გოლიც არ აქვთ გატანილი.

მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება. გერმანელებს ბოლო 15 ოფიციალური მატჩი აქვთ მოგებული, რაც მსოფლიო რეკორდია. იტალიელებს კი, ევროპის ჩემპიონატზე (ჩათვლილია საკვალიფიკაციო ეტაპიც) უკვე 14 თამაშია არ წაუგიათ.

დღევანდელ მატჩს გერმანია თითქმის უდანაკარგოდ ხვდება. ლიოვის გუნდში საეჭვოა გიუნდოგანის თამაში. მცირე ტრავმა აწუხებდა შვაინშტაიგერს, მაგრამ ნაკრების ერთ_ერთმა ლიდერმა გამოჯანმრთელება მოასწრო. იტალიელებს დისკვალიფიცირებული მაჯო დააკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კიელინის, აბატეს, დე როსისა და მოტას თამაში, მაგრამ სავარაუდოდ, ოთხივე მათგანი მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.

28 ივნისი,

22:45 ვარშავა,

ნაციონალური სტადიონი

გერმანია-იტალია
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტრუბერი, ლამი, შვაინშტაიგერი, კედირა, როისი, იოზილი, პოდოლსკი, გომესი.
იტალია (4-3-1-2): ბუფონი, აბატე, ბარძალი, კიელინი, ბალცარეტი, მარკიზიო, დე როსი, პირლო, მონტოლივო, კასანო, ბალოტელი.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100