სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიტინგებსა თუ კრებებზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები არ უნდა წყდებოდეს

ხუდოჰესი საქართველოს მომავლისთვის რომ უმნიშვნელოვანესი პროექტი და რომ უნდა აშენდეს, ამაზე საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება. ასევე ყველა თანხმდება,რომ არსებული პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს და მიტინგებსა თუ კრებებზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები არ უნდა წყდებოდეს.

„ჩემი ღრმა რწმენით სვანები ყოველთვის იყვნენ საქართველოს ინტერესების დამცველნი და ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინებენ ქვეყნის ინტერესებს“, – მიიჩნევს „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე–პრეზიდენტი და შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი მინდია გადაევი, რომელიც აცხადებს, რომ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ საკუთარ, მოქალაქეობრივ პროზიციას აფიქსირებს.

„კრებებზე და მიტინგებზე გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე, ეს აშკარად აშფოთებთ მსხვილ ინვესტორებს. ერთადერთი გამოსავალია დიალოგი. ხუდონჰესს მომავალ ასწლეულზე აქვს გავლენა და ეს უნდა გაითავისოს ხალხმა. ქვეყნის მომავალისთვის, ხვალინდელი დღისთვის არის საჭირო ეს პროექტი. როცა ამას გაითვალისწინებენ, მერე დაიწყება ფიქრი, როგორ უნდა მივაყენოთ ნაკლები ზიანი კულტურულ მემკვიდრეობას. ღმერთმა არ მოგვცა ნავთობი და გაზი, მაგრამ მოგვცა არანაკლებ მნიშნვნელოვანი – წყალი და ეს რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დღეს თუ არ დავიწყეთ ამის გამოყენება ჩვენს შვილებს და შვილიშვლებს რას ვუტოვებთ? პროექტი უნდა განხორციელდეს და უნდა მოინახოს გამოსავალი“, – ამბობს მინდია გადაევი.

ენერგორესურსების ათვისებაზე უარის თქმას უმეცრებას უწოდებს ყოფილი პარლამენტარი და ბიზენესმენი, ნიკო ლეკიშვილი.

ლეკიშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ხუდონჰესის პროექტის განხორცილებას, თუმცა მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და გარემოს დაცვითი მოთხოვნების გათვალისწინება.

„არც ერთი მხარე არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო. კარგი ახსნა–განმარტებაა საჭირო. ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება და ხალხს მერე უთხრეს, რაც არასწორია. თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო ყველა მხარე პროცესში. თუ ხარ განწყობილი, რომ ყველა პრობლემა მოაგვარო, ამ პრობლემებს მოაგვარებ. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სასურველია როგორც ამ პროექტის, ასევე დაგეგმილი სხვა ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორცილებაც, იგივე რაჭაში. მე ვინმე დამაბრალებს, რომ რაჭის ინტერესებს არ ვიცავ? მაგრამ ეს პროექტები აუცილებელია, მაგრამ ისე, მხარეს არ მიადგეს ზიანი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით მიღწევადია“, – ამბობს ნიკო ლეკიშვილი.

ბიზნესმენი 80–იან წლებში ხუდონის პროექტის შეჩერებას „სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებად“ აფასებს. ლეკიშვილის თქმით, მაშინ სამუშაოები უკვე დაწყებული იყო და არც მოსახლეობასთან იყო პრობლემები.

ამჟამად კი ხაიშის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, სრული რაოდენობისა, ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ისინი ამ პრობლემების არა ინვესტორთან და სახელმწიფოსთან, არამედ სახალხო კრებების საშუალებით მოგვარებას ცდილობენ, რაც ინვესტორ კომპანიას საინვესტიციო გეგმის შესრულებაში უშლის ხელს. ამ თემის კომენტირებისას, ბიზნეს ომბუდსმენის, გიორგი გახარიას ოფისმა განაცხადა, რომ ისინი ვერ ჩაერევიან ამ პროცესში, ვინაიდან ოფისის დანიშნულებაა დავების მოგვარება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის და არა ბიზნესსა და კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოსახლეობას შორის.

ნიკო ლეკიშვილს იმ ექსპერტების არგუმენტების გაზიარებაც უჭირს, ვინც მიიჩნევს, რომ ხუდონჰესი საექსპორტო დანიშნულების ჰესია.

„რა მნიშნვნელობა აქვს გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილზე დარჩება, თუ ექსპორტზე გავა. სახელმწიფოს ექნება დიდი მოგება, ამ რაიონს ექნება 10–15–ჯერ მეტი შემოსავალი რაც ახლა აქვს. ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკის განვითარება, დამატებითი ელექტროენერგიაა აუცილებელი. დღეს რომ ყველა გაჩერებული ქარხანა ამუშავდეს, ჩვენ საკმარისი ელექტოროენერგია არ გვექნება. აბსოლიტურად სწორია პოლიტიკა, რომ უნდა აშენდეს რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური, რაც მოგვცემს საშუალებას ადგილზეც მოვიხმაროთ და ექსპორტითაც გავიტანოთ ელექტროენერგია“, – ამბობს ლეკიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100