ობამას წამონაცდენი ანუ რუსებო, ისწავლეთ ქართველებისგან...
საყოველთაოდ ცნობილია ფროიდისეული თეორიის ერთი უმნიშვნელოვანესი პოსტულატი, „წამონაცდენის“ სახელწოდებით – ფროიდმა უნებლიე შეცდომებსა და წამონაცდენ სიტყვებს არაცნობიერი წარმომავლობა მოუძებნა და დაასკვნა, რომ ისინი ფარდას ხდიან ადამიანის ფარულ მოტივაციებს.
ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო იყო ობამას წამონაცდენი სააკაშვილთან შეხვედრის დროს – საქართველოს მიღწევებზე საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა საქართველოს ნაცვლად რუსეთი ახსენა და იქვე შეასწორა:
“ვფიქრობ, საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. და ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, გამოვხატე ჩემი მადლიერება ინსტიტუტების მშენებლობის გამო, რომელიც მიმდინარეობს რუსეთში... მმმ... საქართველოში - უმცირესობების პატივისცემის უზრუნველყოფის მნიშვნელობის, კანონის უზენაესობის პოლიტიკისა და სისტემის მნიშვნელობის გამო – ინსტიტუტების მშენებლობის სახეობებისა, რომლებიც მომავალში უზარმაზარ განსხვავებას მოიტანს ქართველების არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ მომავალი თაობებსაც”.
ფროიდის მიხედვით, ობამას წამონაცდენი არავითარ შემთხვევაში არ მიეწერება შემთხვევითობას და მასში ის იდუმალი ქარაგმაა საძებნი, რომელიც მომდინარეობს ამერიკის პრეზიდენტის აზროვნების დაფარული წიაღიდან.
მაგრამ იმისათვის, რათა ეს ამოცანა ამოვხსნათ, ამომხსნელის სუბიექტური მოტივაციებიც უნდა გავითვალისწინოთ!
ასე მაგალითად, “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ წამოცდა ობამას რუსეთი საქართველოს მაგივრად, დავით ბერძენიშვილი ამას ვერ განმარტავს, თუმცა დასძენს, რომ ობამა კარგ ორატორადაა მიჩნეული და თუ რუსეთზე საუბარი სურდა, ალბათ ილაპარაკებდა, მაგრამ ვერ დაიწყებს მარჩიელობას, წამოიცდინა, თუ წამოცდა რუსეთი.
კიდევ უფრო აბნეულად არკვევს ამ საკითხს გია ნოდია: „გასაგებია, ეს, ცხადია, შეცდომა იყო. არ შეიძლება, რომ შეცდომა არ ყოფილიყო. თუმცა აქვე ავღნიშნავ, ბუნებრივია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა რაღაცნაირად რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტს უკავშირდება, და ობამას მიერ ეს წამოცდენაც ამას აჩვენებს.”
ახლა ვნახოთ, ამ „წამონაცდენის“ მეორე დაინტერესებული ქვეყნის, რუსული მხარის კომენტარები:
ვინმე „სერგეი“ „ამერიკის ხმის“ რუსულ საიტზე უაპელაციოდ აცხადებს:
„Обама назвал Грузию Россией............ Это символично..... Значит Обама не поддерживает режим Саакашвили и думает иначе, чем преподносят это грузинские политики....... „(Сергей Москва 31-01-2012 ) („ობამამ საქართველოს რუსეთი უწოდა...ეს სიმბოლურია...ესე იგი ობამა არ ემხრობა სააკაშვილის რეჟიმს და უფრო სხვაგვარად ფიქრობს, ვიდრე ამას გვთავაზობენ ქართველი პოლიტიკოსები...“)
მას მხარს უბამს “ამერიკის ხმისა“ და „თავისუფლების“ უშტატო ფორუმელი, საქართველოს საკითხებში მოუღლელი ექსპეერტი, ვინმე Veritas:
„Известно, что в молодости Обама был большой шутник и любил прикалываться. На последней встрече с Саакашвили Обама заявил - " ...и Я высоко ценю то институциональное строительство, которое идёт в РОССИИ, то есть в Грузии..." - Был ли это прикол или оговорка?! К тому же, назвать Грузию образцом демократии, это однозначно ...“ („ცნობილია. რომ ახალგაზრდობაში ობამა დიდი ხუმარა იყო და უყვარდა შაყირობა. სააკაშვილთან უკანასკნელ შეხვედრაზე განაცხადა – „და მე ძალიან ვაფასებ იმ ინსტიტუციურ მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს რუსეთში, ანუ საქართველოში“... შაყირი იყო ეს თუ წამონაცდენი? თანაც საქართველოს რომ დემოკრატიის ნიმუშს დაარქმევ, ეს ერთმნიშვნელოვნად...“).
როგორც ვხედავთ, ქართველი, პოლიტიკასთან დაახლოებული მოღვაწენი დიპლომატიურ რევერანსებს აკეთებენ და ფროიდის მიხედვით, ვერ არკვევენ ობამას იდუმალ ჩანაფიქრს; რუსი ფორუმელები კი საკუთარ ნდომა–წადილს მიაწერენ ამერიკის პრეზიდენტს...
და მხოლოდ MKRU - ს რესპექტაბელურ საიტზე, სადაც ალბათ ჰყავთ შტატიანი ფსიქოლოგები – ამოუცვნიათ ობამას ჭეშმარიტი ნაფიქრალი – ახალი ამბების მოსკოვის ამ პორტალზე არის ვეებერთელა ასოებით გამოყვანილი სათაური: „Поучитесь у грузинов“ – „ისწავლეთ ქართველებისგან“ და იქვე ტექსტი:
„Скандальная оговорка американского президента.
Грузия может стать примером демократичности и прозрачности для многих стран, заявил президент США Барак Обама. А его скандальная оговорка не оставила сомнений по поводу того, кому именно следует поучиться.“ (წყარო) („ამერიკის პრეზიდენტის სკანდალური წამონაცდენი – საქართველოს შეუძლია გახდეს დემოკრატიულობის და გამჭვირვალობის მაგალითი მრავალი ქვეყნისათვის, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ხოლო მისი სკანდალური წამონაცდენი არ ტოვებს ეჭვს იმის თაობაზე, თუ ვის მართებს სწავლა“.)
ესე იგი, ობამას წამონაცდენი ნიშნავს – რუსებო, ისწავლეთ ქართველებისგანო – და ამას მიხვდა რუსული საიტი! ქართველო პოლიტიკოსებო და ქართველთმოძულე ფორუმელებო – ისწავლეთ ამ რუსული საიტისაგან!
კომენტარი