სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მენეჯმენტ კომპანია „დექსუს“-მა ისნის სავანეს რეაბილიტაცია დაიცყო

კომპანია “დექსუსმა” “ცენტრ პოინტის” შემდეგ, სამშენებლო კომპანია „ვალენსიას“ მიერ შეჩერებული პროექტის „ისნის სავანეს“ რეაბილიტაცია დაიწყო. 11 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა “დექსუსმა” 31 მაისს განაახლა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას “დექსუსის” მმართველ გუნდთან ერთად კომპლექსის მობინადრეებიც დაესწრნენ.

ამ პროექტის დასრულების შემდეგ, კუთვნილ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს 147 ოჯახი მიიღებს.

საცხოვრებელ-კომერციული კომპლექსი - “ისნის სავანე” დოდაშვილის ქუჩა #18-ში მდებარეობს. პროექტის საერთო ფართი 20 000 კვ.მ-ია. კომპლექსის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც კომპლექსი შენდებოდა, სახელმწიფო საკუთრება იყო. შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის გამო კომპლექსზე სამშენებლო სამუშაოები სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მალევე შეჩერდა. ამხანაგობა “ისნის სავანეს” წარმომადგენლებმა დახმარებისთვის მერიას მიმართეს, რომელიც დაეხმარა მათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4086 კვ.მ მიწის ფართობის დაჩქარებული წესით შესყიდვაში. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა, 6 წლის განმავლობაში შეჩერებული მშენებლობა განახლებულიყო და მობინადრეებს შესაბამისი კომპანიის ძიება დაეწყოთ.

მშენებლობის დასრულებისთვის საუკეთესო პირობები სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მობინადრეებს კომპანია “დექსუსმა” წარუდგინა. შესამაბისად, ამხანაგობა “ისნის სავანემ” არჩევანი “დექსუსის” რეაბილიტაციის გეგმაზე გააკეთა.

“დექსუსმა” მობინადრეების მიერ დასამატებელი თანხის შესამცირებლად, მერიის დახმარებით, პროექტის კორექტირება მოახდინა. კომპლექსს 2 სართული დაემატება, რაც გასაყიდ მარაგებს გაზრდის, შემოსული თანხა კი მშენებლობას სრულად მოხმარდება. შეცვლილი პროექტის მიხედვით, მობინადრეებს კვადრატულ მეტრზე 210$ ნაცვლად მხოლოდ 100$-ის დამატება მოუწევთ. პროექტის ღირებულება 8,5 მილიონი ლარია. “დექსუსი” საწყის ეტაპზე მშენებლობისთვის საჭირო 1 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიზიდავს.

საცხოვრებელ-კომერციულ კომპლექს - “ისნის სავანეზე” სამშენებლო სამუშაოები 18 თვეში, 2013 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100