სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის პირველი წუთები: „ნუ გეშინიათ!..“

„მოგესალმებით ბოლოჯერ ამ დარბაზში მას შემდეგ, რაც პირველად შემოვედი, ახლა აქ სხვა ხალხის ჟრიამული ისმის“, – ასე დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა. მანამდე კი პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული პრეზიდენტი პარლამენტის წევრებს მიესალმა და ყვავილების თაიგული ჩიორა თაქთაქიშვილს გადასცა.

ტრიბუნაზე ასვლის შემდეგ პრეზიდენტი წმინდა მიწიდან დაბრუნებულ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს მიესალმა. „ჩვენ დიდი გულისყურით ვადევნებდით თვალს თქვენს ვიზიტს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, შემდეგ კი პარლამენტის წევრებს ავღანეთში დაღუპული თხუთმეტივე ქართველი ჯარისკაცისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება სთხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა ამ რანგში პარლამენტის წინაშე თავისი პირველი ანგარიში გაიხსენა და განაცხადა, რომ მას შემდეგ საქართველო ვითარდებოდა და ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. მიხეილ სააკაშვილმა შარშანდელი ანგარიშის დეტალებიც გაიხსენა და ეკონომიკურ სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა:

„საქართველოს განვითარების გეგმა, რომელიც მე შარშან წარმოგიდგინეთ, პრაქტიკულად ხორციელდება, თუმცა, ფაქტია და ამას ვერსად ვერ გავექცევით, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი რჩება, რომელთა პირად მდგომარეობაზე კონკრეტულად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება“.

პრეზიდენტის თქმით, კარგად ესმის, რომ მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობა მხოლოდ სტატისტიკა არ არის. „მე არ ვაპირებ, ჩემი წარმატება Excel-ის ფაილებში გაწერილი ციფრების მიხედვით გავზომო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ არამხოლოდ მდიდარი ქვეყანა, არამედ უფრო ფართო წრე იმ ადამიანებისა, ვინც იხეირებს ქვეყნის სიმდიდრით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მთავარ პრიორიტეტად დასაქმება დაასახელა: „ჩემთვის, ასევე მთავრობის წევრებისთვის არ არსებობს უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე იმ ადამიანების დასაქმება, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა“. – თქვა პრეზიდენტმა და დაამატა:

„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ცალის ფასია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არა აქვს სამსახური, ვინც არ იცის, რა მიიტანოს სახლში, რომლებსაც ეშინიათ ხვალინდელი დღის, რადგან არა აქვთ სტაბილურობის განცდა. მე მინდა, მათ ამ ტრიბუნიდან ვუთხრა – ნუ გეშინიათ, რადგან საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ ხვალინდელი დღის იმედი გქონდეთ.

შორს არაა ის დრო, როცა ამას საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობთ; ნუ გეშინიათ, გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რომ ქვეყნის წარმატება თქვენ პირად წარმატებად აქციოთ; ნუ გეშინით და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე, როგორც თქვენს მიერ არჩეულ პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით ვგრძნობ თქვენს ტკივილს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100