სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი...

ეპოქალური ქალბატონი”, “სცენის დედოფალი”- ეს ის ეპითეტებია, რომლითაც ქართველ მსახიობს სოფიკო ჭიაურელს ამკობენ. ის მართლაც საოცრად ნიჭიერი ქალბატონი იყო. სამწუხაროდ დღეს ის ჩვენთან აღარ არის და ჩვენ ისღა დაგვჩენია გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო მან თავისი კარიერა და როგორ მოახერხა მთელი მსოფლიოსთვის შეეყვარებინა თავი.

1937 წლის 21 მაისს, ფიქრის გორაზე, საკუთარ სახლში, სოფიკო ჭიაურელი დაიბადა. ეს სწორედ ის უბანი და ის ადგილია, სადაც მის მშობლებს პირველი პაემანი ჰქონდათ. სოფიკოს მამამ აქ შეჰფიცა მომავალ მეუღლეს, რომ ამ ადგილას სახლს ააშენებდა და ასეც მოიქცა. სწორედ იმ სახლში დაიბადა ქალბატონი სოფიკო.
ის ხელოვანთა ოჯახიდან იყო და მისი არჩევანი, რომ მსახიობი გამხდარიყო არავის გაკვირვებია. მამა- მიხეილ ჭიაურელი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გახლდათ. მისი მრავალმხრივი ნიჭი ყველას აოცებდა. ის იყო მხატვარიც, მსახიობიც, მოქანდაკეც, უკრავდა ყველანაირ ინსტრუმენტზე და ამასთანავე იყო პოლიგლოტი. დედა- ვერიკო ანჯაფარიძე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი იყო. ხელოვნების ინგლისურმა აკადემიამ ის მეოცე საუკუნის საუკეთესო მსახიობი ქალების ათეულში შეიყვანა.
თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, სოფიკო ჭიაურელმა, თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი შეასრულა.პირველი ფილმი მისი მონაწილეობით რეზო ჩხეიძის “ჩვენი ეზო” იყო. მას სერგო ფარაჯანოვის მუზასაც კი უწოდებდნენ.

1955 წელს ქალბატონი სოფიკო გათხოვდა. მისი რჩეული სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი შენგელაია გახლდათ. მათ ორი შვილი ალექსანდრე და ნიკუშა შენგელაიები ჰყავთ. როდესაც ქალბატონ სოფიკოს რაიმე როლზე ამტკიცებდნენ მას ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად უწევდა გადაღებებზე სიარული.

1980 წელს სოფიკო ჭიაურელი მეორედ გათხოვდა, ამჯერად კოტე მახარაძეზე. მათ ერთი ინტერესები ჰქონდათ და ამიტომ მათი ცხოვრება მშვიდად და სრულ იდილიაში მიმდინარეობდა. მათ ერთად დააარსეს “ერთი მსახიობის თეატრი” ფიქრის გორაზე, სადაც თითქმის ყოველ კვირა წარმოდგენები იმართებოდა. პიესების დიდი ნაწილის ავტორი კი თავად კოტე მახარაძე გახლდათ.

სოფიკო ჭიაურელმა ქართულ კინოსა და თეატრს, საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაუთქვა სახელი. ის ყოველთვის ცდილობდა რაიმე სასიკეთო და სასარგებლო გაეკეთებინა იმ საქმისთვის, რომელშიც მოღვაწეობდა და რომელიც ასე ძალიან უყვარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100