დავით უსუფაშვილის კომენტარი საკანონმდებლო პროცესების შეფასების ანგარიშის შესახებ
"გადაწყვეტილებების მიღებისას ყურადღება გრძელვადიან გათვლასა და ფართო ჰორიზონტს უნდა მიექცეს და საჯარო პოლიტიკის განხორციელებაში მემკვიდრეობითობის პრობლემის საკითხი არ უნდა განიხილებოდეს“ -ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს, 9 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე „საკანონმდებლო პროცესის შეფასება საქართველოში: დადებითი მხარეები და გამოწვევები“ განაცხადა, სადაც ODIHR-ის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენა მოხდა.
საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა, საკანონმდებლო პროცესების შეფასების ანგარიში მოამზადა. აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაციას, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, პრეზიდენტის, მთავრობის და სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა და შეფასებითი ანგარიშის მნიშვნელობასა და საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა დოკუმენტის მომზადებაში ჩართულ უცხოელ და ქართველ ექსპერტებს და განსაკუთრებული მადლიერება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიმართ გამოთქვა.
შეხვედრის მონაწილეების წინაშე მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე და OSCE/ODIHR სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ელის თომასი წარსდგნენ. მათ დოკუმენტის მნიშვნელობასა და მასში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ანგარიშში მოცემული მიმართულებები საკანონმდებლო პროცესში ჩართულ სუბიექტებს შორის კომუნიკაციის გაზრდის ქმედითი ინსტრუმენტია და ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება პროცესს კიდევ უფრო წარმატებულს და ეფექტურს გახდის.
ღონისძიების გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მოხსენება წაიკითხა და საკანონმდებლო პროცესში პარლამენტის, მთავრობის და სამოქალაქო სექტორის როლზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება იმ ასპექტებზე გაამახვილა, რაც საკანონმდებლო პროცესის სრულყოფილად განხორციელებაში ხარვეზებს და პრობლემებს წარმოშობს. მისი განცხადებით, საკანონმდებლო პროცესი, საკითხის ჯერ კიდევ პარლამენტში შემოსვლამდე იწყება და სწორედ მაშინ უნდა მოხდეს ცვლილებების არსის სწორად გაანალიზება და შეფასება. მისივე შეფასებით, გადაწყვეტილებების მიღებისას ყურადღება გრძელვადიან გათვლასა და ფართო ჰორიზონტს უნდა მიექცეს და საჯარო პოლიტიკის განხორციელებაში მემკვიდრეობითობის პრობლემის საკითხი არ უნდა განიხილებოდეს. „მემკვიდრეობითობის არ არსებობა საკანონმდებლო პროცესში წარმოუდგენელ სირთულეს ქმნის, ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ ძირითადი დასკვნისა, რაც შეფასებაშია ნახსენები. საკანონმდებლო პროცესში ასევე გადამწყვეტ რგოლს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები წარმოადგენენ. საუბარი არ არის მხოლოდ იურისტებზე, როცა ხშირად კანონშემოქმედებით პროცესს მხოლოდ იურისტებთან აიგივებენ. ამ საქმიანობაში იურისტების მონაწილეობა აუცილებელია, თუმცა არის სხვა კომპონენტები, რომლის გარეშეც სრულფასოვანი კანონი ვერ მომზადდება, საუბარია სწორედ კვალიფიცირებულ კადრებზე და მათ ათვისებაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურში კვალიფიცირებული კადრების გამოყენების მიდგომა შეიცვალოს და ყოველი არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები წარსულის გადმონაშთად არ ჩაითვალოს. „ამ მიმართულებით საჯარო სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა თემა მეტად მნიშვნელოვანია. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, მკაფიო შეთავაზებაა, რომ უახლოეს პერიოდში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი მივიღოთ. ამ კუთხით, დიდი მუშაობაა გაწეული და პროექტი პარლამენტში მალე შემოვა. იქნებ, ამ სფეროში მოხერხდეს გარღვევები, რათა საჯარო სფეროში კი არ ვკარგავდეთ კვალიფიციურ ადამიანებს, არამედ ვამაგრებდეთ მათ და საჯარო მოხელეებით ქვეყანა ისევე უნდა ამაყობდეს და იმედი ჰქონდეს, როგორც ჯარიკაცებით, რომლებიც ბრძოლის ველზე იბრძვიან”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა იმ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც დამტკიცებული კანონების განხორციელებას ეხება. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, აუცილებელია, მიღებულ კანონებზე სისტემური ზედამხედველობა, კონტროლი, ამოქმედების შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ იმის გაანალიზება, თუ როგორ მუშაობს და სრულდება კანონი.-
"პარლამენტის მიერ კანონის მიღებისა და გამოქვეყნების შემდეგ თითქოს საკანონმდებლო პროცესი დასრულდა. აი, აქ არის დიდი პრობლემა. სინამდვილეში კანონი ის არის, რომელიც ამის შემდეგ იწყება, ანუ მიღებული კანონი მერე იწყებს სიცოცხლეს, მანამდე ფორმირების პროცესია. ძალიან ხშირად გვემართება ის, რომ იქ ვამთავრებთ პროცესს, რომელიც სინამდვილეში იწყება, ანუ მიღებული კანონი სად როგორ მუშაობს, როგორ არ სრულდება და ასე შემდეგ... მე თუ მკითხავთ, აქ უფრო დიდია პრობლემა, ვიდრე მის მიღებამდე და გამოქვეყნებამდე, რადგან ამ მომენტისათვის გაზრდილია ინტერესი, მონაწილეობა, ჩართულობა, რაღაცას ველით, როცა ბავშვი უნდა იშვას და იშვება თუ არა, მერე თავს ვანებებთ. ამიტომ ბევრი კანონი მკვდრადშობილი გამოდის – მკვდრადშობილია იმიტომ, რომ დაევალა ვიღაცას რაღაცა, რაც კეთდება ან არ კეთდება. რაც მთავარია, პროცესის ის ნაწილი, თუ როგორ მუშაობს კანონი – მასზე იყოს მუდმივი ზედამხედველობა, დროზე მოხდეს კორექტირება, რაღაცის დამატება, ცვლილება, თუკი საჭიროა, ეს ძალიან გვიგვიანდება ხოლმე, ვიდრე რაიმე სერიოზულ პრობლემას არ წავაწყდებით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი ანგარიშის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც უცხოელმა ექსპერტმა, ქრის მოლიმ წარადგინა. მან ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ქართულ საკანონმდებლო პროცესში ჯერ კიდევ აღინიშნება და მათ აღმოსაფხვრელად კომპლექსური მოქმედებების გეგმა და რეკომენდაციები წარმოადგინა. პრობლემების და რისკების ჩამოთვლისას, მომხსენებელმა ყურადღება პოლიტიკის შემუშავებაზე, კოორდინაციასა და კონტროლზე, დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაციებზე, რეგულირების ზემოქმედების შეფასებასა და დაბალანსებულ რეგლამენტზე გაამახვილა.
როგორც შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების კუთხით მუშაობა კვლავაც გაგრძელდება და აღნიშნული პროექტის ფარგლებში კიდევ ოთხი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
კომენტარი