ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას ის ქვეყნები მიიღებენ, რომელთაც დემოკრატიული განვითარების კურსი აქვთ აღებული
მომავალი ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირი თავის სამეზობლოს დამატებით 1 მილიარდ ევროზე მეტს დაახარჯავს. ეს გადაწყვეტილება პირდაპირი შედეგია არაბულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისა, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბრიუსელის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე მის აღმოსავლელ მეზობლებთანაც.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოსაც მოხმარდება, ვინაიდან, მათ მიერ გაღებული 1 მილიარდი ევრო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს უნდა მოხმარდეს, მათ შორის კი საქართველოცაა.
ევროკავშირი აცხადებს, რომ თავის უშუალო სამეზობლოს მომავალი ორი წლის განმავლობაში დამატებით მილიარდ ორას ორმოცდაათ მილიონ ევროს გამოუყოფს, თუმცა კონკრეტული ქვეყნების დახმარება, მათ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ უკვე გამოიყო 5.7 მილიარდი ევრო. თანხა, რომელიც ევროკავშირმა სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის გამოყო, მისი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებისთვისაც გაიხარჯა, რომლებსაც ევროკავშირის პოტენციური წევრის სტატუსი ჯერ არ მოუპოვებიათ.
ევროკავშირში განმარტავენ, რომ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა პირდაპირ უკავშირდება არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებს, თუმცა ის გავლენას იქონიებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებზეც: საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელორუსიაზე, უკრაინასა და მოლდავეთზე. ევროკავშირში შემდეგი სტრატეგიით მოქმედებენ: რაც უფრო მეტად და რაც უფრო სწრაფად განავითარებს კონკრეტული ქვეყანა საშინაო რეფორმებს, მით უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ის ევროკავშირისგან. ხოლო იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ენთუზიაზმს არ გამოიჩენენ, ფრაზა ნაკლები – ნაკლების სანაცვლოდ გამოიყენება. ორგანიზაციაში შემუშავებული აქვთ სახელმწოფოების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის პოლიტიკაც. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, მეზობელი ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ასე დაახასიათა: ეს ყველას მიმართ ერთიანი მიდგომა არ არის. პირიქით, ამით ვაღიარებთ, რომ ჩვენი ყველა მეზობელი განსხვავებულია და გვსურს საგანგებოდ მათთვის შემუშავებული დახმარება შევთავაზოთ. ქვეყნებს, რომლებიც რეფორმებს სწრაფად და უფრო ღრმად გაატარებენ, ამ მიზნის მისაღწევად რესურსების მიღების საშუალება ექნებათ.
ევროკავშირის ახალ პროგრამასა და ინიციატივებს, ბრიუსელი ასეთი გეგმით პასუხობს. ქვეყანა გამოდის მოწოდებით, შეიქმნას დემოკრატიის ევროპული ფონდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიზაციისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ფიგურებს დაუჭერდა მხარს. შტეფან ფულე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარია აცხადებს, რომ არსებობს მკაფიო მიზნები. ესენია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გაერთიანების, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა და მედია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა. ევროკავშირი მზად არის ისეთ ფორმატებშიც გააღრმავოს თავისი მონაწილეობის ხარისხი, სადაც ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი – მაგალითად, ეუთოს მინსკის ჯგუფში, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაზე მუშაობს.
ეკონომიკის სფეროს რაც შეეხება, რეფორმების გატარების მსურველ ქვეყნებს შესთავაზებენ ინვესტირების დაცვის გაფართოებულ სქემას, რომელიც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან ინვესტორებს იურიდიული დაცვით უზრუნველყოფს.
კომენტარი