სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანანა ნაჭყებია: პირველად ხდება, როცა ფარმაცევტულ ბაზარზე შესაძლოა, მონოპოლია დაირღვეს

ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში, მედიკამენტებზე ფასები კლების ტენდენცია აღინიშნება.

„ახალი მემარჯვენეების“ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ეს მონაცემები რეალურია. „ჩვენ, მოქალაქეები, უშუალოდ ვგრძნობთ მედიკამენტებზე ფასების მომატებასაც და დაკლებასაც. ცხადია, ეს ტენდენციაც საგრძნობია.რაც შეეხება კლების მიზეზებს. მე ვფიქრობ, პირველად ხდება ქართულ სინამდვილეში,როდესაც შესაძლებელია, დაირღვეს მყარი მონოპოლია. ფარმაცევტულ ბაზარზე შემოვიდა ახალი მსხვილი მოთამაშე, ვგულისხმობ „ჰუმანითი ჯორჯიას“. მართალია, ადრეც ვიცოდით, რომ რამდენიმე მსხვილ მოთამაშესთან ერთად, იყვნენ წვრილი მოთამაშეებიც, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიდნენ. სწორედ ეს მსხვილი მოთამაშეები განსაზღვრავდნენ ფასებს. დღეს ახალი კომპანიის შემოსვლამ, ბუნებრივია, შექმნა კონკურენცია და ეს კარგია. ჯანსაღი პროცესია და ასეც უნდა გაგრძელდეს“, – აცხადებს ნაჭყებია.

მისი მოსაზრებით, დღეს ქართული ფარმაცევტული ბაზრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მედიკამენტების ხარისხია. „ადამიანები იხდიან ფულს, ხარჯავენ თანხას, მაგრამ ხშირად მკურნალობის შედეგი დაბალია. პირველ ეტაპზე, მონოპოლიის შემცირება და მოთამაშეების რაოდენობის ზრდა იწვევს ფასების კლებას. ბუნებრივია, რჩება მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, ყურადღება მივაქციოთ ხარისხს და ის თანხა, რომელსაც იხდიან ჩვენი მოქალაქეები, არ აღმოჩნდეს წყალში გადაყრილი. ვფიქრობ, ამის რესურსი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. არსებობს წამლების სააგენტო, არსებობს მსოფლიოს გამოცდილება და არსებობენ ექსპერტები, რომლებიც კონსულტაციებს უწევენ ჯანდაცვის სამინისტროს. ასე რომ, ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება. შემდეგში უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ვინც სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო სრულად უნაზღაურებს გადაუდებელი თუ გეგმიური სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, ჰქონდეს იმის საშუალება, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები გარკვეული შეღავათით მაინც მიიღოს. ამაში მათ ნაწილობრივ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ლაპარაკია იმ ადამიანებზე, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს,“ – აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100