ბორის ჩოჩიევი: აშშ-სგან სწორედ ასეთი რეზოლუციის მიღებას ველოდით
აშშ ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომის დაწყების ბრალი რუსეთს აკისრია. ეს განცხადება ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა ბორის ჩოჩიევმა აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა. აშშ-ის სენატი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია შეწყვიტოს.
ჩოჩიევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში აშშ-ის სენატის მიერ სწორედ ასეთი შინაარსის რეზოლუციის მიღებას ელოდნენ.
"ამგვარი გადაწყვეტილებებით აშშ ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს. შეეძლოთ კი მათ სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღოთ? მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს, რუსეთი კი მას იცავდა და ხელი შეუშალა აშშ-სა და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი შეაიარაღეს", - განაცხადა ჩოჩიევმა.
მისი თქმით, არ შეიძლება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ოკუპირებული ტერიტორიები უწოდო.
"რუსეთი რომ არა, არ იქნებოდა არავითარი დამოუკიდებელი რესპუბლიკები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ისინი საერთოდ გაქრებოდნენ მსოფლიო რუკიდან. ეს იყო პროგრამა და ჩვენ ყველამ ვიცით, სად მომზადდა ის. ამ პროგრამის რეალიზება გაუწონასწორებელი ადამიანის, სააკაშვილის მეშვეობით სურდათ. მთავარი კი ის არის, რომ ყველამ იცის, ვინ არის აგრესორი და ვინ არის ოკუპანტი. ყველამ იცის, რომ რუსეთმა გადაარჩინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა. ვიმეორებ - დროა აშშ-მ უარი თქვას ორმაგ სტანდარტებზე და რაც უფრო მალე აღიარებენ ისინი აგრესიის ფაქტს, მით უკეთესი",-აცხადებს ჩოჩიევი.
კომენტარი