ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორის, გიორგი კაპანაძის მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველს
საქართველოს სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორის, გიორგი კაპანაძის განცხადება
ქალბატონო ნინო, მოგმართავთ, რათა გაცნობოთ რომ ინტერნეტ მედია ჯგუფში შემავალ ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეო გადაღება, რომელშიც ზუგდიდის მერიის აიპ სამსახურის წარმომადგენლები და ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას აქტიური მხარდამჭერები მონაწილეობენ.
კერძოდ, მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქალაქ ზუგდიდში, სამუშაო ვითარების დროს, ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ჟურნალისტმა, დადუნა ლიპარტელიანმა დაინახა თუ როგორ აწარმოებდნენ მასზე უკანონო თვალთვალსა და ფოტო-ვიდეო გადაღებას, რასაც ზუგდიდის მერიის აიპ სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ჯანაშია ახორციელებდა - როგორც გაირკვა, პოლიტიკური მოტივით.
გიორგი ჯანაშია ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას აქტიური მხარდამჭერია, რაც მისი ფეისბუქ-გვერდით, ე.წ ქავერის ფოტოთი და იმ ვიდეო-კომენტარით დადტურდება, რომელიც მან ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ჟურნალისტს მისცა.
მაგალითად, მას შემდეგ, რაც itv.ge-ს ჟურნალისტმა შეამჩნია რომ გიორგი ჯანაშია უთვალთვალებდა, მასთან მივიდა და ჰკითხა, თუ რატომ აწარმოებდა ის უკანონო ფოტო-ვიდეო გადაღებას.
გიორგი ჯანაშიამ თავდაპირველად თვალთვალისა და ფოტო-ვიდეო გადაღების ფაქტი უარყო, თუმცა, იმავე კომენტარში, ბოლოს აღიარა რომ itv.ge-ს ჯგუფს პილიტიკური მოტივით უთვალთვალებდა და პოლიტიკური მოტივით აწარმოებდა ფოტო-ვიდეო გადაღებას (იხილეთ თანდართული ვიდეო-მტკიცებულება ნომერი 1).
კერძოდ, გიორგი ჯანაშიამ განმარტა რომ არ მოსწონდა itv.ge-ს მიერ ჩატარებული ვიდეო-გამოკითხვა, სადაც ზუგდიდელების ნაწილმა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა იმის შესახებ თუ რატომ გაახსენდა მას ხიბულა და ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ და ზუგდიდის მერის არჩევნების დროს (იხილეთ თანდართული ვიდეო-მტკიცებულება ნომერი 2)
ქართული ოცნების წევრი, ზუგდიდის მერიის აიპ სამსახურის თანამშრომელი, გიორგი ჯანაშია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით აფილირებულია სუსის წარმომადგენლებთან, გამოირჩევა უკიდურესად აგრესიული შეფასებებით, უცენზურო სიტყვებითა და სიძულვილის ენითაც, რაც დასტურდება itv.ge-ს ფეისბუქ გვერდზე დატოვებული მისივე კომენტარებით და ამ ე.წ სქრინებით.
ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას აქტიური მხარდამჭერი, გიორგი ჯანაშია, თავისი აგრესიულობითა და უკანონო თვალთვალით ხელს გვიშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში და ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და მერიის აიპ სამსახურის თანამშრომელთა უფლებამოსილებას.
ქალბატონო ნონო, გთხოვთ შეისწავლოთ ჩვენი განცხადება, თანდართული ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში.
ქალბატონო ნინო, გთხოვთ საჯაროდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
გიორგი კაპანაძე,
ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი
19.04.2019 წელი
კომენტარი