სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლო ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს 16 აპრილს განიხილავს

16 აპრილს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი ჩატარდება. პროცესამდე, 10:30 საათზე სასამართლოს ეზოში გაიმართება მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად. აქციის ორგანიზატორი „ჩართულობის და განვითარების ცენტრია“. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი აქციის ფორმით რასიზმს, ქსენოფობიასა და ძალადობას აპროტესტებენ.

25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი, 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მოკლა. ამ დროისთვის, ორი პირია დაკავებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი ერთ-ერთი ქართული ნეო-ნაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ფაქტს არც დაკავებულები უარყოფენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი პირი, რომელიც ამ ეტაპამდე არ არის დაკავებული და საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობს.

ახალგაზრდა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. ის მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკების ორგანიზებაში და მონაწილეობდა რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ პროექტში და იყო ებრაული თემის აქტივისტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100