სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროგრამულ სტატიაში ვლადიმირ პუტინი სსრკ–ს მსგავს სტრუქტურაზე ალაპარაკდა

„სსრკ–ს მსგავსი სტრუქტურის ხელახლა შექმნა – არარეალური ამოცანაა, მაგრამ საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის პირობებში შესაძლებელია სრულყოფილი ეკონომიკური კავშირის შექმნა. – ეს ვლადიმირ პუტინის მოსაზრებაა. ინტეგრაციულ პროცესთან დაკავშირებული ეს და სხვა მოსაზრებები რუსეთის პრემიერმა დღეს, 4 ოქტომბერს, გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ პროგრამულ სტატიაში ჩამოაყალიბა.

პრემიერის თქმით, ამ სახის კავშირის ფორმირებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე მომავალ წელს გადაიდგმება, როცა ამოქმედდება რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირის ერთიანი ეკონომიკური სივრცე. მისი მტკიცებით, ამ საქმიანმა სტრუქტურამ ეფექტურობა ჯერ კიდევ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს დაამტკიცა და მომავალშიც სასარგებლო იქნება არამხოლოდ წევრი ქვეყნების ბიზნეს–წრეებისთვის, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც დაეხმარება ევროპასთან თანამშრომლობის მოკლე გზის მოძებნაში.

შემდეგი, ინტეგრაციის დონით უფრო მაღალი საფეხური, პუტინის თქმით, ევრაზიის კავშირის შექმნა გახდება. „საუბარი არაა იმაზე, რომ ამა თუ იმ ფორმით აღდგეს სსრკ“, – ხაზი გაუსვა რუსეთის პრემიერმა, მაგრამ იქვე დაამატა: „თუმცა, ახალ ფასეულობებზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფუძვლებზე დამყარებული მჭიდრო ინტეგრაცია – დროის მოთხოვნაა“.

ვლადიმირ პუტინი პირდაპირ აცხადებს: „ჩვენ გთავაზობთ ძლიერი, ზენაციონალური გაერთიანების მოდელს, რომელსაც უნარი ექნება, თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი პოლუსი გახდეს და, ამავდროულად, შეასრულოს ევროპასა და დინამიურ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონებს შორის ეფექტური მეკავშირის როლი“.

„ბუნებრივი რესურსების სიუხვე, კაპიტალი, ადამიანური პოტენციალი შეაძლებინებს ევრაზიის კავშირს, გახდეს კონკურენტუნარიანი ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ სრბოლაში, ინვესტორების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში“, – წერს რუსეთის პრემიერი. – „ამ მაჩვენებლებით ის ჩადგება სხვა ძირითადი მოთამაშეებისა და რეგიონალური სტრუქტურების რიგებში, ისეთებს შორის, როგორებიც არიან ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა და სხვები, ხოლო მათთან ერთად მოახერხებს გლობალური განვითარების უზრუნველყოფას“, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100