კრემლი შამბას მთავარ კონკურენტს ქართველის ხელით მოიცილებს: კიტოვანის ინტერვიუმ „იმუშავა“
როგორც აფხაზური მედიასაშუალებები იტყობინებიან, გუშინ სოხუმში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე 1992–93 წლების საომარ მოქმედებებში მონაწილე აფხაზი ვეტერანები შეკრიბეს და იმ ინტერვიუს ვიდეოვერსია უჩვენეს, რომელიც საქართველოს ექს–თავდაცვის მინისტრმა, მოსკოვში მცხოვრებმა თენგიზ კიტოვანმა რუსულ გამოცემებს მისცა.
ამ ინტერვიუს შესახებ სტატია „დრონი.ჯი“–მაც გამოაქვეყნა. ინტერვიუში თენგიზ კიტოვანმა თქვა, რომ აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ ერთ–ერთი რეალური კანდიდატი, ალექსანდრე ანქვაბი ქართულ–აფხაზური ომის მიმდინარეობის დროს ქართული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და ქართულ მხარეს აფხაზური შენაერთების გადაადგილებასთან დაკავშირებით ცნობებსაც აწვდიდა. ფრაგმენტი ინტერვიუდან:
„10 აგვისტოს შევარდნაძე, ავთანდილ იოსელიანის მეშვეობით, არძინბასა და ანქვაბს ესაუბრა და უთხრა მათ, რომ ქართული არმია კონტროლს დაამყარებდა რკინიგზაზე, რომელიც საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებდა. საქმე ის გახლდათ, რომ ტვირთი არ ჩადიოდა არც საქართველოში, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში. ხალხი იქ მატარებლებს ძარცვავდა.
კიტოვანი გამოცემის ჟურნალისტს უჩვენებს დოკუმენტს, რომელიც ქართულ და რუსულ ენებზეა შედგენილი და რომელიც, მისი თქმით, ამტკიცებს, რომ სახელმწიფო საბჭოს ძალების მიერ სოხუმის აღებისთანავე ედუარდ შევარდნაძემ ანქვაბი სოხუმში თავის „ნამესტნიკად“ დანიშნა.
„შეყვანილ იქნას ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში და დაევალოს მას ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ფორმირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - კითხულობს თენგიზ კიტოვანი. – „აი, აქ ყველაფერია და ხელს აწერს ედუარდ შევარდნაძე. ანქვაბი ოფიციალურად გახდა თანამდებობის პირი, რომელიც დანიშნული იყო შევარდნაძის მიერ. ის ვალდებული იყო, დაელაგებინა სიტუაცია, დაენიშნა ან მოეხსნა ხალხი, შეესრულებინა ედუარდ შევარდნაძის ბრძანებები. ის ვალდებული იყო, მოეხსენებინა შევარდნაძისთვის, სად რა ხდებოდა - ყველა ინფორმაცია უნდა მიეტანა მასთან“.
- იმასაც ამბობენ, რომ ანქვაბი აფხაზური არმიის შესახებ ინფორმაციას ქართველებს აწვდიდა. მართლა ასე იყო?
- მაშინ ის ერთი ქვეყანა იყო და მას საქართველო ერქვა. რასაც ანქვაბი აკეთებდა, ის არ იყო დანაშაული და ბოროტმოქმედება. მას უნდა ეკეთებინა ის, რასაც შევარდნაძე და ავთანდილ იოსელიანი უბრძანებდნენ. მას მაშინ არანაირი უფლება არ ჰქონდა, ინფორმაცია არ გადაეცა - ქართულ დაზვერვაზე მუშაობდა.“
რა თქმა უნდა, ინტერვიუს მოსმენის შემდეგ აფხაზი ომის ვეტერანები აღშფოთებას არ მალავდნენ და არც ანქვაბის უდიერად მოხსენიებას მორიდებიან. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც, ალბათ, კრემლის რომელიმე დერეფანში დაიგეგმა: ომის ვეტერანებმა ერთობლივი განცხადება დაწერეს და აფხაზეთის პროკურატურას მიმართეს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება კიტოვანის ინტერვიუში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.
თუ გავიხსენებთ იმას, რა დიდ ანგარიშს უწევს ხელისუფლება ომის ვეტერანებს და რამდენად გულისხმიერად ეკიდება მათ სურვილებსა თუ მოთხოვნებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მალე, შესაძლოა, შამბას მთავარი კონკურენტი „ქვეყნის ღალატის“ ბრალდებით დააპატიმრონ...
კომენტარი