როდის „დააპატიმრებენ“ ნიკო პატარქალიშვილს „სპორტული აფერისტობისთვის“?
„ტიპიური აფერისტი“, როგორც ნიკო პატარქალიშვილს ბევრი, მის საქმიანობაში კარგად ჩახედული პირი უწოდებს, უკვე სამი წელია, საქარველოში ოთხთა ტურნირის მოწყობას (ტურნირს არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21-წლამდელა ნაკრები გუნდების მონაწილეობით) აანონსებს და მეტი დამაჯერებლობისთვის იმასაც ამატებს, რომ ამ ტურნირის გახსნას, არც მეტი, არც ნაკლები, ფეხბურთის მეფე – პელე დაესწრება. ამავე დროს, პატარქალიშვილმა ზუსტად ის გზა აირჩია, რაც დიეგო მარადონას თბილისში ჩამოყვანის წინ: სახელმწიფოს გარანტიებს სთხოვს, რათა მერე კრედიტორების ფული ბიუჯეტიდან გახდეს გადასახდელი. სამაგიეროდ, მოგების წილზე უარს არ ამბობს და თანაც, ბრაზდება: ხალხნო, პელე ჩამომყავს და ფულს როგორ არ იძლევითო...
ეს „ოთხთა ტურნირი“, სინამდვილეში, ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მაშინ პატარქალიშვილს რუსული ოკუპაცია მოევლინა მხსნელად – ჩატარების ვადამ გადაიწია. მერე ტურნირის თბილისობის დღეებში მოწყობა დაანონსა, მაგრამ არც ეს გამოუვიდა. როგორც პატარქალიშვილის დონის აფერისტების წესია, ბიზნესმენი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა, საქმე ისე წარმოეჩინა, თითქოს პელეს თვითმფრინავის ბილეთი ხელში ეჭირა და მის თვითმფრინავს თბილისში ზოგიერთები უარს ეუბნებოდნენ მიღებაზე...
საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნიკო პატარქალიშვილი „ყარაულის თოფივით“ ერთხელ გავარდნილი და შემდგარი პროექტით გაიცნო: მისი მცდელობების შედეგად თბილისში დიეგო არმანდო მარადონა ჩამოვიდა. თუმცა, უცნაურობანი ამ პროექტსაც ბლომად ახლდა: ასე მაგალითად, დიეგო მარადონას ბოლომდე (სანამ კარგად არ გაერკვა) ეგონა, რომ ნიკო პატარქალიშვილის სახით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს ეკონტაქტებოდა და ოფიციალურ ბრიფინგზე მას ასეც კი უწოდა, ნიკო პატარქალიშვილი კი მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელს ჯიუტად უწოდებდა მეგობარს. ასე იყო თუ ისე, მაშინ მარადონას მისაღებად სახელმწიფო მზად არ აღმოჩნდა, რადგან პატარქალიშვილი სახელმწიფოსგან მხოლოდ ფინანსურ გარანტად დგომას ითხოვდა და არა თვითონ ჩამოსვლისა და თამაშის ორგანიზებას. საბოლოოდ, ეს ფინანსური გარანტიები პატარქალიშვილმა მიიღო კიდეც.
„შესაძლოა, საზოგადოებამ არ იცის დეტალები, რაც დიეგო მარადონას საქართველოში სტუმრობას ახლდა. პატარქალიშვილს სახელმწიფოსთვის არც მაშინ უთხოვია ფული, მხოლოდ გარანტიები ითხოვა და მიიღო კიდეც. საქმე საქმეზე რომ მიდგა, პატარქალიშვილმა ვერ დაფარა ამ პროექტის ხარჯი უცხოურ მხარესთან, რომელთან კონტრაქტშიც გარანტი სახელმწიფო იყო. ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით და არგენტინულ მხარეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 300 ათასი ლარი გადაუხადა. ამჯერადაც ასე ხდება - პატარქალიშვილი სახელმწიფო გარანტიას ითხოვს. ამ პროექტის განხორციელებას ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს და არ გვინდა, იგივე განმეორდეს, რაც მარადონას ჩამოყვანისას მოხდა. ის 300 ათასი გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი თანხა იყო და ამისი საშუალება სახელმწიფოს არ აქვს. ითანამშრომლოს ფეხბურთის ფედერაციასთან პატარქალიშვილმა და თუ მისი პროექტის განხორციელებას საჭიროდ მიიჩნევენ, ეს უკვე სხვა საქმეა". – ამბობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ.
ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და სხვა პასუხისმგებელი პირები ნიკო პატარქალიშვილს შეხვდნენ და გეგმის დეტალები განიხილეს. საკმაოდ უცნაური, თუმცა, პატარქალიშვილისთვის დამახასიათებელი სურათი შეიქმნა: ნიკო პატარქალიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებისგან მაქსიმალურ პასუხისმგებლობას თავისი პასუხისმგებლობის მინიმუმამდე შემცირების ხარჯზე ითხოვს. ამავდროულად, მას–მედიაში საქმეს ისევ ისე წარმოაჩენს, თითქოს ყველაფერი ყველასთან შეთანხმებულია და პელეს საქართველოში ჩამოსვლასაც წინ არაფერი უდგას. ამაზე ქართულ სპურტულ თუ არასპორტულ გამოცემებში ატეხილი ბუმიც მიუთითებს იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე საქართველოში ფეხბურთის მეფე ჩამოდის. არადა, არც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, არც სხვა ოფიციალურ სტრუქტურებში ამ დრომდე არ ადასტურებენ, რომ პელეს შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით რაიმე ხელმოსაჭიდი არსებობს.
საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე, ნიკო პატარქალიშვილი კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ საქართველოში პელე ჩამოჰყავს. თუ მის ადრინდელ ქმედებებსა და ზღაპრულ დაპირებებს გავიხსენებთ, პელეს ჩამოყვანა მათ შორის ყველაზე უწყინარ ტყუილადაც შეგვიძლია მოვნათლოთ:
ნიკო პატარქალიშვილი თავის თავს არგენტინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს უწოდებს და იმ კავშირებით მოაქვს თავი, რომელიც თითქოსდა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროსთან გააჩნია. მას რომ ჰკითხო, პელე, მარადონა, კანიჯა, ლუის სესარ მენოტი თუ ოტო რეჰაგელი მისი საუკეთესო მეგობრები არიან. ერთხელ ისიც კი თქვა, კანიჯა საფრანგეთის გავლით ამსტერდამში მიფრინავდა, პარიზის აეროპორტში გაიარ–გამოიარა, ყავა დალია, თვითმფრინავზე დააგვიანა, მერე კი მე დამირეკა და ამსტერდამში გადაფრენაში დახმარება მთხოვა, რაც ერთ საათში მოვუგვარეო...
2010 წლის ბოლოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პატარქალიშვილმა თქვა, თბილისის ოთხთა ტურნირის დღეებში საქართველოს დედაქალაქში 1965 წელს მოსკოვში სსრ კავშირ-ბრაზილიის მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავას და ანზორ კავაზაშვილის პელესთან გადაღებული ცნობილი სურათის მიხედვით შექმნილი ხუთფიგურიანი კომპოზიციის გახსნა იგეგმება...
თავის დროზე, პატარქალიშვილი იკეთებდა თვითრეკლამას, რომლის მიხედვითაც შეეძლო ახალგაზრდა ფეხბურთელების არგენტინულ საფეხბურთო კლუბებში მიწვევის უხრუნველყოფა. რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა მის ანკესზე წამოეგო კიდეც – რა თქმა უნდა, არა უანგაროდ – არგენტინულ ფეხბურთში ფეხის შედგმა 20 ათასი და მეტი დოლარი ღირდა, თუმცა, თუ ქართველი სპორტული ჟურნალისტები არგენტინის საფეხბურთო კლუბებში მოწყობილი ქართველი ფეხბურთელების სიას გამოგვიგზავნიან, ძალიან დაგვავალებენ, ჩვენი აზრით კი ასეთი სიის მოძიება იმ მარტივი მიზეზით ვერ შევძელით, რომ ბუნებაში არარსებულის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია...
ცოტა ხნის წინ პატარქალიშვილმა იმითაც გაიპიარა თავი, რომ საფეხბურთო კლუბ „ბორჯომისთვის“ არგენტინელი ფეხბურთელები ჩამოჰყავდა. პირველ ნაკადს ჩამოყოლილი სებალე და დე პორასი მართლაც კარგები ჩანდნენ, მაგრამ მეორეჯერ ჩამოყვანილების (ასე, 7–8 კაცის) დონეზე საქართველოს დედაქალაქში ნებისმიერი უბნის სამოყვარულო გუნდის „ფორვარდი“ ითამაშებდა, ასე რომ, ეს პროექტიც ჩავარდა.
აი, მისი სიტყვები, რითაც ის თვითრეკლამას ჯერ კიდევ მარადონას ვიზიტის შემდეგ იკეთებდა:
„მომავალში პროექტი ქომაგებთან მიმართებაში გაგრძელდება. 150-მდე გულშემატკივარი “აირზენათი” უნდა ჩავიყვანოთ არგენტინის ჩემპიონატის ფინალურ მატჩებზე. მომავალი წლის ივნისში, თბილისში “დიეგოს თასის” გათამაშება გვინდა გავმართოთ. წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ ანალოგიურ ლაფსუსებს ადგილი აღარ ჰქონდეს.
- ეს ტურნირი საკლუბო დონის იქნება თუ სანაკრებო?
- არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაემატება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. სულ 6 მატჩი უნდა გაიმართოს და აქედანვე იქნება ისეთი გათვლა, რომ ბილეთის მაქსიმალური ფასი 15 ლარს არ გადააჭარბებს. ვიმედოვნებთ, სწორი ორგანიზების შემთხვევაში, ყველა თამაში მაყურებლით სავსე ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის. ჩვენს გუნდში ის ფეხბურთელებიც ითამაშებენ, რომლებიც არგენტინაში უკვე მიმდინარე პროექტში არიან დაკავებული. ასეთი სულ 10 ახალგაზრდა ემზადება იქაურ საფეხბურთო აკადემიაში, რომელთაგან 2 უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავია და მათ ყველა “დიეგოს თასის” გათამაშებაზე იხილავს საქმეში. სხვათაშორის, ეს ტურნირი წლეულს სექტემბერში გვინდოდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ ომმა შეგვიშალა ხელი.“
ნიკო პატარქალიშვილის კიდევ ერთი „მარგალიტი“:
"ჩვენ ვაპირებთ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის კლუბებში გაგზავნას, სადაც ისინი მოემზადებიან და თანაც, ლუის სესარ მენოტის მიერ რეკომინდირებული მწვრთნელებით. უკვე 2012 წლისთვის, როდესაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იქ მომზადებულ ფეხბურთელებში არჩევანი ექნება" .
პატარქალიშვილური ბლეფი კიდევ უამრავია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ის დავამატოთ, რომ ნიკო–ბატონი საქართველოში რობერტო ბაჯოს ჩამოყვანასა და ლაგოდეხის ლაგოდეხის ტყეებში სანადიროდ წაყვანასაც აპირებდა და ამაზე გავჩერდეთ. რაც შეეხება პელეს, თუ ამ (და ნიკო პატარქალიშვილის პიროვნების შესახებ დაწერილი სხვა, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი) სტატიის წაკითხვის შემდეგ ვინმე აპირებს დაჯერებას, რომ ფეხბურთის მეფეს სამი ლეგენდარული ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ეროვნულ სტადიონზე იხილავს, კი ბატონო – გავატაროთ...
კომენტარი