სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნული უშიშროების საბჭომ რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი მოამზადა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ქვეყნის თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი შეიმუშავა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს, პარლამენტს წარუდგენს.

კონცეფციის განხილვა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, დოკუმენტის პროექტი განსაზღვრავს – საქართველოს თავდაცვის რეზერვის მიზანს და მნიშვნელობას, რეზერვის პოლიტიკის შესახებ სახელმწიფოს ხედვას აყალიბებს და თავდაცვის რეზერვის სტრუქტურის ჩამოყალიბების, მისი მართვისა და ორგანიზების პრინციპებს აღწერს.

კონცეფცია ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესში შემუშავებული დოკუმენტების ანალიზს. ამასთან, დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზი და დასკვნები.

მთავრობის განმარტებით, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის განვითარება არ არის ერთჯერადი პროცესი და სისტემის სამომავლო დახვეწის მიზნით, მუშაობა უნდა გაგრძელდეს,ხოლო საჭიროების მიხედვით, ქვეყანაში, მისი ადაპტაცია უნდა მოხდეს.

პროექტის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე და ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა – „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპს ეფუძნება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს პრიორიტეტს წარმოადგენს – რეზერვის ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც ომის შემთხვევაში, შეძლებს – ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვისათვის საჭირო ამოცანების შესრულებას, ხოლო ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100