"პანკისის ხეობაში არც იატაკქვეშა, არც იატაკზედა და არც აივანზე განლაგებული ძალები არსებობენ"
საქართველოს შს სამინისტრო რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პანკისში იატაკქვეშა ძალები გააქტიურდნენ, კატეგორიულად უარყოფს.
როგორც "პირWელს" აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას შს სამინისტროს ადმნინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, "პანკისის ხეობაში არც იატაკქვეშა, არც იატაკზედა და არც აივანზე განლაგებული ძალები არსებობენ და ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული მორიგი სისულელეა".
ცნობისთვის, რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, "პანკისის ხეობიდან რუსეთის ტერიტორიაზე 70 ბოევიკმა შეაღწია".
სპეცსამსახურების ინფორმაციით, "შეიარაღებული ბანდიტების ჯგუფი, რომელმაც სწავლება იატაქვეშა ბანაკებში გაიარა, დაღესტნის ტერიტორიაზე შევიდა".
"ჩრდილოეთ კავკასიის იატაქვეშეთის აქტიური რიგები კვლავ შეივსო. ოპერატიული ინფორმაციით, რომელსაც ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიის ძალოვანები ამუშავებენ, პანკისის ხეობიდან მომზადებული ბოევიკების ჯგუფი დაბრუნდა. მათი რაოდენობა 50-დან 70-მდეა. ბევრი მათგანი ნახევარი წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ცოტა ხნის წინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბევრი მათგანი რუსეთში დაბრუნდა. ასევე ვფლობთ მონაცემებს, რომ მათ სწავლება პანკისის ხეობაში განლაგებულ ბოევიკთა ბაზებზე გაიარეს", - აცხადებს რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი "ლაიფნიუსთან" საუბარში.
ჩრდილოეთ კავკასიის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს ინფორმაციით, "დაახლოებით 70 ბოევიკმა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე 10-15 კაციან ჯგუფებად დაბრუნდა, წვრთნები ტერორისტულ ბანაკებში სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებაში გაიარა".
"რამდენიმე ხნის წინ პანკისის ხეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წყნარ და მშვიდ ნაწილად იქცა, იქ ჩეჩენი დევნილები ცხოვრობდნენ, მიწის თითოეული კვადრატული სანტიმეტრი შინაგანი ჯარების მიერ კონტროლდებოდა, რომელიც ქართულ მხარესთან შეთანხმებით იყო შეყვანილი. თუმცა მოგვიანებით ჯარები იქიდან გაიყვანეს და რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ ხეობაში კვლავ იატაქვეშა ძალები დაბრუნდნენ", - აცხადებს წყარო.
როგორც "ლაიფნიუსი" იუწყება, "სპეცსამსახურებმა ოპერატიული ინფორმაცია ბანდიტების შეღწევის შესახებ რამდენიმე დაკავებული "ბოევიკისგან" შეიტყვეს".
"პანკისში ჩასვლის შემდეგ ჩვენ გავემგზავრეთ გარეუბან თილიბანში, სადაც სწავლება დაიწყო. ძირითადი ხელმძღვანელები არაბები იყვნენ. ჩვენ ვცხოვრობდით სხვადასხვა გარეუბნებში: თილიბანში, ბირიკიანში, ომალოში და საწყის სამხედრო მომზადებას გავდიოდით. პანკისში ჩვენ თურქეთიდან ჩამოსული სპეციალისტი გვწვრთნიდა. იქ გავიგე, რომ ჩვენამდე უკვე მომზადდა ბოევიკთა ჯგუფი, რომელიც დაღესტანსა და ჩეჩნეთში გაემგზავრა. ჩვენი ამირი ყველაზე ძლიერ, მაღალ და ერთგულ ადამიანებს აგროვებდა", - ყვება დაკავებული "ბოევიკი".
კომენტარი