სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოკისმომგვრელი კადრები საპყრობილიდან, პროტესტი და პრეზიდენტის საგანგებო განცხადება (ვიდეო)

გუშინ საღამოს ჯერ შსს-ს, ხოლო შემდეგ „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მიერ გავრცელებულმა შოკისმომგვრელმა კადრებმა, სადაც პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და მათზე სექსუალური ძალადობის ფაქტები იყო აღბეჭდილი, სრულიად საქართველოში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია.

როგორც გაირკვა, კადრები გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაღებული და შსს-ს განცხადების მიხედვით, მსგავსი ფატქების გადაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხდებოდა. კადრების გამვრცელებელი და პატიმართა აბუჩად აგდების, წამების, სექსუალური ძალადობის განმხორციელებელი ერთი და იგივე პირია: ვლადიმირ, იგივე ლადო ბედუკიძე, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და რომელმაც, „მეცხრე არხის“ ცნობით, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს ეს სკანდალური ვიდეომასალა მიაწოდა.

შსს-ს განცხადება კადრების გავრცელებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე გაკეთდა. ოფიციალური ვერსიით, ვლადიმირ ბედუკიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების სისტემის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ქმედებებში: დიდძალი თანხის სანაცვლოდ ვიდეოფირზე იღებდნენ პატიმართა წამების ფაქტებს. დამკვეთებად დასახელდნენ კარგად ცნობილი თამაზ თამაზაშვილი (კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების გამო და რომელზეც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომავალში მას შსს-ში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას შესთავაზებს) და თამაზ ელიზბარაშვილი. ამ უკანონო და არაადამიანურ საქმიანობაში ჩართული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი.

შსს-მ გაავრცელა ვიდეოც, სადაც ასახულია წამების ფაქტი და აღნიშნა, რომ ეს ვიდეო ყველაზე მსუბუქი ვარიანტია იმ ვიდეოებს შორის, რომლებიც ამ ჯგუფს გააჩნდა. მოგვიანებით „მაესტრომ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია კარანტინის დროს პატიმართა წამება და სადაც კადრში ჩანს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც მონაწილეობს პატიმართა ჯგუფურად ცემაში.

ოდნავ მოგვიანებით, „მეცხრე არხმა“ გაავრცელა, მათი თქმით სტრასბურგიდან მიღებული ვიდეომასალა, სადაც უკვე პატიმრებზე შემზარავი სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები იყო აღბეჭდილი. ეთერში გავიდა ასევე ვლადიმირ ბედუკიძის ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ მსგავს ვიდეოებს ზემდგომთა დავალებით იღებდა. ვლადიმირ, იგივე ლადო ბედუკიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიული მორიგის თანამდებობაზე მუშაობდა და სამსახურიდან 2012 წლის მაისში გათავისუფლდა. შსს-ს ვერსიით, მან საქაღტველოდან გასვლა მოახერხა და ამჯერად მასზე ძებნაა გამოცხადებული.

კადრების გავრცელებას მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თბილისში აქცია დაიწყო ფილარმონიასთან, გადაიკეტა მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დამნაშავეთა დასჯას ითხოვდნენ. რამდენიმე მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა. აქცია გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ფილარმონიის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ასევე გლდანის მე-8 საპყრობილესთან, სადაც პატიმართა ახლობლები და მშობლები შეიკრიბნენ. საპყრობილეში შევიდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლები და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, რომლებმაც, პირველ რიგში, გლდანის საპყრობილეში მყოფი თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პატიმარმა დაადასტურა, რომ მასზე მორალური ან ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.

საპროტესტო აქციები წუხელვე ჩატარდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში. აქციის მონაწილეები, ძირითადად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.

გვიან ღამით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, კადრების ხილვის შედეგად ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე შოკირებულია:

"ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. შსს ადგენდა კავშირებს კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და დამნაშავეებს შორის.

ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს მინდა ვუთხრა, რომ საქართველო, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად, არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც რამე ამასთან მიახლოებული მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს, არ მოითმენს სისასტიკეს, თავგასულობას, იმას, რაც სამწუხაროდ ყველამ ერთად ვიხილეთ.

იმისთვის არ გვიბრძოლია ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიციაში ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციალურ სისტემაში ვინმე კრიმინალური სამყაროდან აფათურებდეს ხელს ან პენიტენცალური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში. ის, ვინც პასუხისმგებელი იყო, რომ ამგვარი ფაქტები არ დაეშვა, ყველა გათავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ის, ვინც ეს ჩაიდინა, გაძლევთ სიტყვას, მრავალ წელს გააატარებს ციხეში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახალი საქართველოს მთელი იდეა არის გამიჯვნა იმ ძალადობისგან, რაც წარსულში ხდებოდა დამნაშავეების და სახელმწიფოს მხრიდან:

"ჩვენ ეს ყველაფერი მოვიტოვეთ უკან და არ მოვითმენ, რომ რაიმე ფორმით ახალ საქართველოში ეს ხელახლა განმეორდეს. დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ, მისცენ პასუხისგებაში, გამოიყვანონ სააშკარაოზე და ჩვენს საზოგადოებას სრულად წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ სამართლიანად ითხოვს პასუხს სახელმწიფო ორგანოებისგან.

პირადად უზრუნველვყოფ, რომ ამ სისტემაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები, როგორც კრიმინალებისგან, ასევე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც ნამდვილი მაფიის წევრებივით მოქმედებენ.

ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ყველას აქვს უფლება სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის, ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის, სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულებით.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას", - თქვა პრეზიდენტმა საგანგებო განცხადებაში, რომელიც გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100