პავლე კუბლაშვილის თქმით, არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება, სააკაშვილი კი პოლიტიკაში დარჩება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აბსურდულს და მონაჭორს უწოდებს ხმებს იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნების 2012 წლის მაისში ჩატარების იდეა ხელისუფლებისგან მოდიოდა და რომ ეს ერთგვარად, საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა იყო, – ამის შესახებ მან „ტრიბუნასთან“ საუბრის დროს განაცხადა.
„ნებისმიერი მსჯელობა იმაზე, რომ არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მაისში და ხომ არ შედის ეს ვინმეს ინტერესებში, არის აბსოლუტურად აბსურდული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას იჭორავებენ ერთმანეთში პოლიტიკური პარტიები და რა ინსინუაციები ექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ვინც უნდა ისაუბროს ამ თემაზე, ოპოზიციონერი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, კონსტიტუციის ნორმა იკითხება მკაფიოდ. თარიღი განსაზღვრა კონსტიტუციამ და არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში!“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს:
„ვფიქრობ, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა იქნება 2013 წელს. ამაზე ვისაუბრებთ მაშინ, როცა ეს დრო მოვა. პოლიტიკიდან სააკაშვილის წასვლას, მე ვფიქრობ, არც არავინ უნდა ელოდეს. ვიცი, რომ ბევრ პარტიას სურს ამ საკითხის ირგვლივ რაღაც აჟიოტაჟი შექმნას. არის ბევრი საკითხი, რომელიც დღეს ყურადღებას მოითხოვს, ეს არის დასაქმება, სოციალური საკითხები, ეკონომიკური საკითხები, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. სწორედ ესაა დღეს ჩვენი საფიქრალი და არა ის, თუ როგორი იქნება რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მდგომარეობა 2013 წელს.“ – აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
კომენტარი