სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნორვეგიელი ტერორისტი ყოფილი პრემიერის მოკვლას გეგმავდა

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრის, გრო ჰარლემ ბრუნტალის მოკვლას აპირებდა. ყოფილ პრემიერს ნორვეგიელები „ერის დედას“ უწოდებენ. ამის შესახებ „Aftenposten“ იუწყება.

როგორც დაკითხვაზე თავად ბრეივიკმა განაცხადა, ის კუნძულ უტეიაზე პარასკევს დილით აპირებდა მისვლას, როდესაც ბრუნტლანი ნორვეგიის მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში, კუნძულზე, სიტყვით გამოსვლას გეგმავდა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ მოასწრო და უტეიაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც ყოფილი პრემიერი კუნძულიდან გაემგზავრა.

„Aftenposten“ – ის ინფორმაციით, ბრუნტლანი ბანაკში პარასკევს, 11:10 – სა და 12:40 წუთებს შორის გამოვიდა, ადგილობრივი დროით და კუნძულზე რამდენიმე საათი დაჰყო. სროლა უტეიაზე, პოლიციის ინფორმაციით, 17:26 წუთზე დაიწყო.

გრუ ჰარლემ ბრუნტლანი პირველი და ერთადერთი ქალბატონია ნორვეგიის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტს იკავებდა. ის ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელად სამჯერ, 1981 წელს, 1986–ში და 1990 წელს აირჩიეს.

ანდერს ბრეივიკი, როგორც ცნობილია, ნორვეგიაში ორ ტერაქტშია ეჭვმიტანილი. პირველი შემთხვევა ოსლოში, მოქმედი პრემიერ–მინისტრის, იენს სტოლტენბერგის რეზიდენციასთან განხორციელდა. სულ მალე, პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა, უტეიას კუნძულზე, ახალგაზრულ ბანაკში, სროლა მოაწყო. შედეგად, 93 ადამიანი დაიღუპა.

ბრეივიკმა, დაკავების შემდეგ, საკუთარი დანაშაული აღიარა და საკუთარ ქმედებას „სასტიკი, მაგრამ აუცილებელი“ უწოდა. მანვე პოლიციას მოუთხრო, რომ ქალაქის ცენტში კიდევ ორი მსხვილი აფეთქების მოწყობას გეგმავდა. მკვლელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100