სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოქმედი სასულიერო პირის „ქურდული“, ანტისახელმწიფოებრივი და ქსენოფობიური „მარგალიტები“

„დრონი.ჯი“ ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ ფრაგმენტებს თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, სქიმარქიმანდრიტ გრიგოლის (აბაშიძე) ინტერვიუდან, რომელიც პორტალ geoworld.ge-ზე 7 სექტემბერს გამოქვეყნდა:

„ჩვენი წინაპრებისთვის რომ გეთქვა, საქართველოში ჩაშვების ინსტიტუტი ოდესმე ამოქმედდებაო, ალბათ, მხოლოდ ამის თქმისთვის გაგრიყავდნენ და შეგაჩვენებდნენ. ჩამშვებები ყოველთვის იყვნენ. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში ბრძანა: "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო". და დაუდგათ ხანა და აჩვენეს თავიანთი ბუნება. ქართველი რომ ქართველს ჩაუშვებდა, ჩვენში ისეთ კაცს კაცად არ მიიჩნევდნენ...“

„...ანდა იქნებ მიპასუხოს ვინმემ, რაში სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს ჯარი? რაც ახლა თავდაცვის სამინისტროზე იხარჯება, იმ თანხების ნახევარი რომ მოახმარო ამ გაუბედურებულ ხალხს, ქვეყანაში შიმშილით მაინც არავინ მოკვდება. რად უნდა საქართველოს ჯარი? ეს არის ტყუილი ხარჯი! ვის უნდა ეომოს და ვის უნდა მოუგოს? მერე კიდევ, ვის მოუგებს ომს - რუსეთს, თურქეთს, სომხეთს თუ აზერბაიჯანს? მიპასუხეთ...“

„სად აგზავნიან ამ ჯარისკაცებს? ვის დასაცავად? ან რისთვის იხოცებიან? იმერული გამოთქმაა ერთი: «ძაღლი შინ არვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო». მაგრამ უჭირს ჩვენს ჯარისკაცებს და გასამრჯელოს ფასად თანხმდებიან იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც, მგონი, თვითონაც არ იციან, რას იცავენ, რისთვის მიდიან ან რომელ დემოკრატიას იცავენ? დემოკრატია არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება!“

-„...რუსეთის საპატრიარქოს, სახელმწიფოს მესვეურთაგან განსხვავებით, არასოდეს უარუყვია აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. არც ერთ პატრიარქს რუსეთისას არ უთქვამს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველო არ არის. ეს მიწები ყოველთვის საქართველოსი იყო, არის და იქნება. ეს იცის რუსეთმაც, მაგრამ ეს პოლიტიკის ნაწილია; იქით ამერიკა ქაჩავს და აქეთ რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, ცდილობს, თავისი ინტერესები დაიცვას და თავისი პოზიციები გაიმყაროს. ამაზე ერთი იმერული ნათქვამი მახსენდება: «მგელს მგლობა დააბრალეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო». ამშემთხვევაში მგელია ამერიკა...“

„სასულიერო პირებს მინდა ვკითხო - რა, წმინდა სინოდში ყველა გენეტიკური ქართველი გვყავს? იმდენზე ამბობენ, სომეხიაო, რომ საკუთარ თავში ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე, მეც სომეხი ხომ არ ვარ-მეთქი... დღეს მართლა დასადგენია - საერო ხელისუფლებაში უფრო მეტი სომეხია თუ სასულიერო იერარქიაში. ჟურნალისტები რას აკეთებთ? გაიგეთ, რომელი ეპისკოპოსი სადაურია, გადით მათ საგვარეულო საფლავებზე. მთელი საგვარეულო რომ სომხური გვარია და მარტო ეგ ერთია გაქართულებული გვარის, დიდი მიხვედრა უნდა, ვინ ვინაა? ხალხმა ყველაფერი იცის, ხალხს თვალებს ვერ დაუბრმავებ, ვერ დააყრუებ. ეკლესია უნდა გაიწმინდოს!“

„საპატრიარქოს უკვე გაანალიზებულიჰქონდა, თუ რა ხდება. მე მაპატიოს ყველა იმ სასულიერო პირმა და მოღვაწე მღვდელმთავარმა, ვის მიმართაც ეს არაა სათქმელი, მაგრამ, რასაც ჰქვია სინოდი, ქვეყანას არ ყავს! იცით, რას ნიშნავს «წმინდა სინოდი»? რას ნიშნავს სიტყვა «წმინდა»? როგორ შეიძლება წმინდანად მიიჩნიო მევახშე, ბარიგა, ნარკომანი, მამათმავალი, მრუში...“

„ქართველი აღარაა საქართველოში და რას მწყემსავენ, საინტერესოა. ერთი პერიოდი, საპატრიარქოს უნდოდა საღორეების აშენება და, ალბათ, იმათ მომწყესავენ...“

„დღევანდელ დღეს დიდ იერარქს იმას რომ ეტყვი, რა საშინელებები ხდება ეკლესიაში, რას სჩადიან სასულიერო პირები, სიმართლეს რომ ეტყვი, დაუსაბუთებ და ის კი გიპასუხებს - ეს კუნკულ-ბარტყული ძალიან გიხდებაო, იქ უნდა დაამთავრო ყველაფერი, აღარაფერი უნდა თქვა... და ვისზედაც ვამბობ, ის კარგად მიხვდება, რაც ვთქვი...“

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100