რუსი ძალოვნები დაღესტანში განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან
დაღესტანში ბოლო დღეებში მიმდინარე სისხლისმღვრელი შეტაკებების ფონზე რუსეთი ისევ ხანგრძლივი საბრძოლო რაუნდისთვის ემზადება. მართალია, წესით და რიგით, დაღესტანში რუსული არმია და თავდაცვის სხვა სტრუქტურები კრიმინალებთან შეტაკებებში არ უნდა მონაწილეობდნენ, მაგრამ თვითმხილველები იუწყებიან, რომ ეს საყოველთაოდ მიღებული ნორმა ამ შემთხვევაში დარღვეულია.
ზოგიერთმა რუსულმა გამოცემამაც კი აღნიშნა, რომ დაღესტანში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაცია „ბოევიკების“ წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს უფრო წააგავდა, ვიდრე სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას კრიმინალების, თუნდაც განსაკუთრებით საშიში ტერორისტების წინააღმდეგ, რადგან მასში თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებიც მონაწილეობდნენ. სხვაგვარად, ალბათ, მიამიტად თავის წარმოჩენა და იმის დაჯერება მოგვიწევს, რომ რუსეთის შსს–ს აქვს საარტილერიო დანადგარები, მოიერიშე ვერტმფრენები და სხვა სახის ისეთი იარაღი, რომელიც ყველა ქვეყანაში თავდაცვის სფეროს სფეროს ეკუთვნის და არა შსს–ს.
როგორც ჩანს, რუსეთი მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის იმ ოპერაციით, რომელიც დაღესტანში ჩაატარა და ახლა იქ კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. ეს კი, სავარაუდოდ, უფრო ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ შეტაკებებს გამოიწვევს, ვიდრე პირველ შემთხვევაში. საყურადღებოა, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის მითითებით, დაღესტანში პირადად გაემგზავრა შს მინისტრი ნურგალიევი, რომელმაც პირველი საგანგებო თათბირი ჩაატარა კიდეც.
თათბირზე მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერატიული ვითარება რესპუბლიკაში უკიდურესად დაძაბულია და მიღებული ინფორმაციით მოსალოდნელია ტერორიზმის შემდგომი ზრდა, მათ შორის თვითმკვლელების მონაწილეობით. ნურგალიევმა განაცხადა, რომ დაღესტანში ახალი, შსს–ს დაქვემდებარებული დაჯგუფება შეიქმნა, სადაც შედის:
5497 თანამშრომელი, სპეციალური დანიშნულების რაზმის 150 მებრძოლი, შინაგანი ჯარის სპეციალური დანიშნულების 878 თანამშრომელი, განსაკუთრებული დანიშნულების 500 კაციანი რაზმი და საგზაო-საპატრულო სამსახურის 10 ეკიპაჟი. გარდა აღნიშნულისა, მინისტრის განცხადებით, დაღესტანში რუსეთის სხვა სუბიექტებიდან გადმოყვანილია მნიშნვნელოვანი რაოდენობის ცოცხალი ძალა და ტექნიკა. მათ დახმარებას გაუწევს ახლად შექმნილი მობილური დანაყოფები და რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმერ კულეშოვის ხელმძღვანელობით დაღეტანში მოქმედი ჯგუფი.
კომენტარი