სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმიდა ნინოს საფლავთან დამბლადაცემული რუსი ეგზარქოსი

ყოველმა ქართველმა უწყის, რომ წმიდა ნინო ჩვენი ერის განმანათლებელი და მისი მფარველია. საუკუნეების მანძილზე დაუცავს მას ქართველები შემოსეული უცხო რჯულის დამპყრობლებისაგან. დღეს, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი განსაცდელი გვემუქრება ერთმორწმუნისაგან. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, საგულისხმოა, გავაცნოთ მკითხველს ფაქტი, რომელიც ბევრმა შეიძლება არც იცოდეს. იგი ეხება ანექსირებულ საქართველოში ეგზარქოსობის პერიოდს.

როგორც რუსი ღვთისმეტყველი და ისტორიკოსი, ნიკოლოზ დურნოვო წერს, შეუძლებელი იქნებოდა ენით „იმ სამწუხარო სისაძაგლისა და განუკითხაობის ჩამოთვლა, რაც რუს ეგზარქოსებს ჩაუდენიათ ასი წლის მანძილზე საქართველოში“, მაგრამ ერთ ფაქტზე განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ეხება მიტროპოლიტ თეოფილაქტე რუსანოვს, საქართველოს ეგზარქოსს 1817–1821 წლებში:

„გარყვნილი თეოფილაქტე, რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს; მან თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმიდა ნინოს საფლავს.

მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმიდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს."

ზემოთ მოხმობილი მაგალითი გვიჩვენებს, რომ, როგორც ეს წმიდა საფლავი იქნა დაცული ღვთის გარეგანი მიტროპოლიტის ხელყოფისაგან, სწორედ ასევე დაიცავს წმიდა ნინო მთელ ჩვენს სამშობლოს დღევანდელი ერთმორწმუნე მეზობლის ექსპანსიისგან!

ორსაუკუნოვანი რუსული მპყრობელობის მანძილზე ქართველები გამუდმებით მიმართავდნენ ამგვარი დაცვის თხოვნით თავიანთ მფარველს და სრულიად განსაკუთრებული იყო პოეტურ სიტყვაში ჩამოსხმული აზრი: ლექსში „ნინოობას“ აკაკი წერეთელი მწუხარებით მოსთქვამდა:

„ ვის ხელში არის საფლავი/ ნინო მოციქულთ-სწორისა?..“, რადგან „ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს/ წვალება შემოერია,/ და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე/ „ქართველი“ აღარ სწერია!“ ვაჟა–ფშაველაც მუხლს იყრიდა წმიდა ნინოს წინაშე: „ვინც ქრისტეს მცნება გვასწავლა,/ქართველთ გვწამს მისი ზნეობა./იკურთხოს მისი სახელი,/იკურთხოს ნინოს მხნეობა.“ ხოლო გრიგოლ რობაქიძე ანუგეშებდა თვისტომთ ლაშარისა და ნინოს იმედად, რომ მათ „ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ“!

საგანგებოდ გვსურს, გამოვყოთ წმიდა ნინოსადმი მშობელი ქვეყნის გადარჩენისა და მფარველობის თხოვნით აღვლენილი ლექსი თავადაც ქალბატონის, დარია ახვლედიანისა. (ეს ის ქალბატონი გახლავთ, რომელსაც ტერენტი გრანელმა მიუძღვნა თავისი ცნობილი სტრიქონები: „ვერ მომასვენეს ცივმა ქარებმა/ და შენ ცხოვრების იმედს მაძლევდი.“) დარია ახვლედიანს შთამბეჭდავი ლექსი აქვს დაწერილი საქართველოს დიდი მეოხი წმიდანის მიმართ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ „ლიტერატურის მუზეუმში“ დაცული ავტოგრაფის მიხედვით:

ვედრება წმიდა ნინოსადმი

აჰა, აღვიპყარ სასოებით შენსკენ ხელები,

და შენს წინაშე კრძალვით ვდგევარ, წმიდაო ქალო,

გვედრი, ისმინო ჩემი თხოვნა, ჩემი ცრემლები,

ბედ–განწირული მანუგეშო და შემიბრალო.

მე გევედრები ქართველ ქალთა ზე აღდგინებას,

აწმყო ჭირთაგან ციურ ძალით განკურნებასა,

შენი რწმენისა, შენი მადლის კვლავ მოვლინებას

და საქართველოს – შენი ქვეყნის განახლებასა.

მე გევედრები მონობისა ხუნდ–ბორკილების,

ჩვენი დაცემის აწ შეგნებით უკუ–ქცევასა,

შენი დიდებით განდიდებას ჩვენი შვილების,

რომ არ ვისმენდეთ მომავლისა კრულვა–წყევასა.“

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, შევუერთდეთ დარია ახვლედიანის თხოვნას და ვევედროთ წმიდა ნინოს, თავიდან არ დაადებინოს მტერს ჩვენთვის ორსაუკუნოვანი მონობის შემდეგ უდიდესი ძალისხმევის შედეგად აყრილი მონობის ხუნდ–ბორკილები, „რომ არ ვისმენდეთ მომავლისა კრულვა–წყევასა“!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100