იუსტიციის სამინისტროს მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობაზე უარი უთხრეს
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი მცხეთაში სამშენებლო სამუშაოებზე მორატორიუმის გამოცხადების რეკომენდაციას იძლევა. კულტურული ფასეულობების დაცვისა და აღდგენის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (ICCROM), აგრეთვე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მონიტორინგის მისიამ მცხეთის იუსტიციის სახლის პროექტის თაობაზე საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.
კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც მცხეთაში ახალი მშენებლობები ექსპერტებს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, ურბანული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არარსებობაა. მონიტორინგის მისიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მცხეთის ურბანული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი ნებისმიერი სახის (მათ შორის, ახალი იუსტიციის სახლის) მშენებლობაზე; განსაკუთრებით კი, ეს მცხეთის ისტორიულ ნაწილს ეხება.
ICCROM-ისა და ICOM-ის მონიტორინგის მისიამ მდინარე არაგვის ლანდშაფტის ზონაში ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით შემდეგი რეკომენდაციები წარმოადგინა: დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა სამშენებლო საქმიანობა; გაგრძელდეს არაგვის სანაპირო ზოლზე რეკრეაციული ზონების გაშენება და ტერიტორიის გამწვანება; მდინარე არაგვის გასწვრივ დაგეგმილი ყველა მშენებლობის (მათ შორის, რეკრეაციული ზონების გაშენების) პროექტი წარედგინოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს შემდგომი განხილვისათვის.
„იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მისია მიიჩნევს, რომ მცხეთაში ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობის განხორციელება მხოლოდ ამის მერე და ამ რეკომენდაციების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ „იუნესკოს“ მოთხოვნა იუსტიციის სამინისტრომ ერთხელ უკვე გაითვალისწინა და სვეტიცხოველთან ახლოს იუსტიციის სახლის მშენებლობა დააკონსერვა.
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მთავარია მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, შენარჩუნება; ამიტომაც სრულად გაითვალისწინებს „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მისიის რეკომენდაციებს და გააგრძელებს მუშაობას მცხეთაში სხვა შესაფერისი ადგილის შერჩევისა და პროექტის შემუშავებისათვის.
კომენტარი