„ნიკორას“ კიდევ ერთი თანამშრომელი: ვადაგასულ სოსისებს რეცხავენ და დახლზე აბრუნებენ გასაყიდად
„პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებულ მასალას, სადაც ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორას“, ვარკეთილის ფილიალის ყოფილი თანამშრომელი, ნონა გაბელაია სუპერმარკეტებში არსებულ ანტისანიტარიასა და მოსამსახურე პერსონალის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„პრესა.ჯი“-ს, ნიკორას კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, ჟუნა ძირკველიშვილი დაუკავშირდა, რომელმაც ერთი მხრივ, ნონა გაბელაიას მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია სრულად დაადასტურა, მეორე მხრივ კი, ახალი ფაქტები გაასაჯაროვა. ძირკველიშვილი და გაბელაია ერთსა და იმავე მარკეტში მუშაობდნენ.
ცნობისთვის, ქალბატონმა გაბელაიამ, „პრესა.ჯი“-ს, ნიკორას სუპერმარკეტში არსებული ანტისანიტარიის ამსახველი ფოტო-მასალა მიაწოდა და სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
გაბელაიას ბრალდებები კომპანიის წარმომადგენელმა ბატკუაშვილმა უარყო. თუმცა, „ნიკორას“, კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის მძიმე ბრალდებების გამო მოუწევს თავის მართლება.
ჟუნა ძირკველიშვილი: „ნიკორაში თანამშრომლებს არაადამიანურ პირობებს უქმნიან. დარწმუნებული ვარ რომ ციხეში არ არის ისეთი პირობები, როგორც ამ სუპერმარკეტების ქსელში. ნამდვილად არ ვაპირებ ისეთ დაწესებულებაში მიბრუნებას, როგორიც ნიკორაა.
- არაადამიანურ მოპყრობაში რას გულისხმობთ?
- ერთ წელზე მეტია, რაც ნიკორას თანამშრომელი ვარ. ახლახან მოვითხოვე შვებულება. პასუხად კი, კადრებში მომუშავე ნინო ადამაშვილმა მიწოდა ინტრიგანი. მითხრა რომ რახან ნიკორა კერძო კომპანიაა, ისინი გადაწყვეტენ ჩემ შვებულებაში გაშვების საკითხს.
ჩემ შემთხვევაში, გადაწყვიტეს რომ ვერ გავიდოდი კუთვნილ შვებულებაში. ხოლო როდესაც მათ საქართველოში არსებული შრომის კოდექსი შევახსენე, ადამაშვილი მომიბრუნდა და მითხრა, რომ ოდესმე თუ გაგიგია, ჩვენ რომელიმე თანამშრომელს შვებულებით ესარგებლოსო...
სწორედ ასეთი „არგუმენტებით“ აჩერებენ პერსონალს. შენ რომ გაგიშვა შვებულებაში, შემდეგ სხვასაც მოუნდება და სხვაც მომთხოვს იგივესო.
- სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი კუთვნილ შვებულებაზე უარის თქმა გახდა?
- ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. თუმცა, მთავარი ფაქტორი მაინც მონიტორინგის სამსახურის თავსგასული ქმედებები გახდა. ჩვენ არ გვქონდა უფლება გვესაუბრა თანამშრომლებთან. უმნიშვნელო რაღაცებზე სოლიდურ ჯარიმებს გვიწერდნენ.
- თქვენი ყოფილი კოლეგა, ნონა გაბელაია აცხადებს, რომ მას 100 ლარიანი ჯარიმა უკანონოდ დაუწერეს...
- ნონას რომ დაუწერეს ჯარიმა უსამართლოდ, ამის დადასტურება მეც შემიძლია.
- გაბელაია ნიკორას მაღაზიებში არსებულ ანტისანიტარიაზეც საუბრობს და ფოტო-მასალასაც ავრცელებს...
- ვეთანხმები, რადგან ერთ ნიჟარაში ირეცხება იატაკის ტილო და კოვზი, რომლითაც ურევენ საჭმელს... იქვე რეცხავენ სოსისს, რომელიც ძველდება ან ფორმას იცვლის. ვადაგასულ სოსისებს რეცხავენ და შემდეგ კვლავ დახლზე აბრუნებენ გასაყიდად.
- ანუ დაძველებული სოსისები იყიდება „ნიკორაში“? მას რეცხავენ და ხელახლა ყიდიან?
- დიახ, ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი“.
ბუნებრივია, ჩვენ ნიკორას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, გიგა ბატკუაშვილს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით.
გვაინტერესებდა, „პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებული ფაქტების შემდეგ, აპირებს თუ არა, ხორცპროდუქტების ქსელის ადმინისტრაცია ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და ხარვეზების გამოსწორებას.
გვინდოდა გაგვეგო, რა პოზიცია აქვს „ნიკორას“, ყბადაღებულ ჯარიმებზე, რომლის შესახებაც ყოფილი თანამშრომლები ღიად საუბრობენ.
და ყველაზე მთავარი: კომპანიისგან ველოდებოდით დამაჯერებელ პასუხს კითხვაზე: იყიდება თუ არა, „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში ვადაგასული და ფორმაშეცვლილი პროდუქცია, როგორც ამას, ყოფილი თანამშრომელი, ჟუნა ძირკველიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს (გვაქვს საუბრის სრული ჩანაწერი).
თუმცა, ჩვენი არაერთი სატელეფონო ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ წერილობითი კითხვების გაგზავნის მიუხედავად, ბატკუაშვილმა, კომპანიის პოზიციის გახმოვანება ამჯერად ვერ შეძლო.
დაგვრჩა შთაბეჭდილება რომ „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გვემალება, რადგან ის ჯერ კიდევ გუშინ შეგვპირდა რომ კითხვებზე პასუხს მალევე გამოგვიგზავნიდა.
თუმცა, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ბატკუაშვილის მობილურ ტელეფონს სხვები პასუხობდნენ, რომლებიც გვეუბნებოდნენ რომ „გიგა თათბირზეა“.
როგორც ჩანს, „ნიკორამ“ ჯერ ვერ გადაწყვიტა - გასცეს თუ არა, პასუხი, უკვე მეორე ყოფილი თანამშრომლის უმძიმეს ბრალდებას, ანტისანიტარიისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის შესახებ.
ბატკუაშვილის დამალვამ დაგვარწმუნა რომ „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ურთიერთობის სერიოზული პრობლემები აქვს.
მიუხედავად ამისა, თუ „ნიკორაში“ ჩამოყალიბდებიან, მზად ვართ მათი პოზიცია გამოვაქვეყნოთ, რადგან საქმე ეხება მომხმარებლის ინტერესს, რომელიც მინიმუმ იმას მაინც იმსახურებს რომ კომპანიამ ყოფილი თანამშრომლების უმძიმეს ბრალდებებზე არგუმენტირებულად უპასუხოს და უარი თქვას „სირაქლემის“ პოზიციაზე.
კომენტარი