26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მსოფლის სხვადასახვა ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიმართება საზეიმო ღონისძიებები - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება, ქართველ მუსიკოსთა კონცერტები, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ქართული კულტურისა და ისტორიის, საქართველოს ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობით ცალკეული ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდება და ეროვნული სიმბოლიკებით მოირთვება ქალაქის ღირშესანიშნაობები.
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებში განათდება - ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის „ერჟებიტის“ ხიდი, სლოვაკეთის ქ. კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა, ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საუდის არაბეთში რიადის ყველაზე მაღალი შენობა Kingdom Tower, ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო. სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებით განათდება ბოსფორის ხიდი. კვიპროსსა და ინდონეზიაში განათდება დედაქალაქის ტურისტული ცენტრები. ლიტვაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ასევე საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინება ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში გაუშვებენ საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატულ ფრანებს.
საბერძნეთში გაუშვებენ საქართველოს დროშის ფერებით მოხატულ საჰაერო ბურთებს. კანადაში მერიის წინ აღიმართება საქართველოს დროშა. ყაზახეთში დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე გამოსახული იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები. დუბლინის ცენტრში 25-დან 30 მაისის ჩათვლით გამოიფინება საქართველოს დროშები.
ბელგიაში, დედაქალაქის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ შეიმოსება ქართულ ეროვნულ სამოსში. მოლდოვაში, იგეგმება ქალაქის ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღის განათება. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკვე აღიმართა საქართველოს დროშა.
”აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზე Facebook-ში განთავსებულია სპეციალური კალენდარი - "დამოუკიდებლობის დღე", სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია იხილოს ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი