„ქართული ოცნება“ VS „ქართული ოცნება“
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მე-7 გვერდის, მარცხენა ბოლო აბზაცში ვკითხულობთ:
„პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი. კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მოქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნების არსებობისას.
იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი.
ამასთან, დროებით კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა მის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ უნდა წარმოადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობას“.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ამ პროგრამის მიხედვით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმცირესობის (არა უმრავლესობის) წარმომადგენელი უნდა იყოს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომისიას, ამ პროგრამის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს. ხოლო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი.
მიუხედავად ამ პროგრამისა, „ქართული ოცნება“ უკვე ეწინააღმდეგება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ უმცირესობის წარმომადგენლის დანიშვნას (ანუ ეწინააღმდეგება თავისივე პროგრამას).
მეტიც, კოალიციის გეგმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, არა უმცირესობის წარმომადგენელი, არამედ „მეოცნებე“ თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს.
როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს, საკუთარი სიტყვები და განცხადებები ისევ უკან მიაქვს.
იხილეთ კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის მე-7 გვერდის მარცხენა ბოლო აბზაცი
კომენტარი