ხანძარი, ყაჩაღობა, შეხვედრები მინისტრებთან და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 2 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
ალასანიას პრესკონფერენცია - რეგიონული უსაფრთხოება, შეიარაღებული ძალების განვითარება, რეფორმები, არსებული საფრთხეები და მასთან გამკლავების გზები - მთავარი თემები, რომლებზეც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 2 საათის განმავლობაში ირაკლი ალასანიამ 56 კითხვას უპასხუხა და რამდენიმე სიახლეც გაახმიანა. სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხელფასების ზრდა და უწყების გამჭვირვალობის გაზრდა- თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტებია. ალასანიას განცხადებით, შეიქმნება აღმოსავლეთ და დასავლეთის სარდლობები, რომლებმაც, მინისტრის განცხადებით, შეიარაღებული ძალების მობილურობა უნდა უზრუნველყონ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ივნისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ჩატარების შემდეგ შესაძლოა 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში გადადებული ნატო-ს კომიტეტის სხდომა საქართველოში ჩატარდეს.
უგულავა უკრაინის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა - თბილისში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის რესპუბლიკის ნიკოლაევის ოლქის დელეგაცია იმყოფება. მათი სტუმრობის მთავარი მიზანია: გაეცნონ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს. დელეგაციის წევრებს სურვილი აქვთ გაიზიარონ თბილისის გამოცდილება მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრები, რომელთაც ნიკოლაევის ოლქის საბჭოს თავმჯდომარე იგორ დიატლოვი ხელმძღვანელობს, დღეს თბილისის მერს გიგი უგულავას და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ნიკოლაევის ოლქში შემავალი ქალაქ იუჟნოუკრაინსკის მერი, ნიკოლაევის ოლქის საბჭოს დეპუტატები და ოლქში მოღვაწე ბიზნესმენები შედიან.შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის მერიის პროექტებზე, ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ენერგეტიკის მინისტრი ენერგოკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც 13 კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიმდინრე წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. მათ მინისტრს გასული წლის მუშაობის შედეგები და 2013 წლის გეგმები გააცნეს. მიმდინარე წელს საქართველოს ელექტროგადამცემ ხაზებზე დაგემილია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სისტემა ქვეყნის ელექტროენერგიით სტაბილურ მომარაგებას უზრუნველყოფს. სამინიტროსა და კომპანიებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის გაზიფიცირება და ინდივიდუალურად გამრიცხველიანების სამუშაოები გაგრძელდეს. “სოკარ გაზ ჯორჯიამ” და „იტერა საქართველომ“ წელს რეგიონებში გაზიფიცირების ქსელში 25 ათასი აბონენტის ჩართვის ვალდებულება აიღეს. რაც შეეხება “ენერგი პრო ჯორჯიას” ,კომპანიამ სამინისტროს 3- წლიანი გეგმა წარუდგინა, როლის თანახმადაც, მიმდინარე წელს რეგიონებში თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველებით 50 ათასი აბონენტი ისარგებლებს, ხოლო შემდგომი 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 140 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება.
ახალი საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო ფოთში – სანაპირო დაცვის ბაზაზე ახალი თანამედროვე სახელოსნო დღეს საზეიმო ვითარებაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივად გახსნეს. ცერემონიალის დასრულების შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სანაპირო დაცვის თანამშრომლებს სიტყვითაც მიმართეს და ახალი სახელოსნო მათთან ეთად დაათვალიერეს. დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკის საელჩოს სამი თანამშრომელი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საგანგებო საიუბილეო მედლებით დააჯილდოვა. მანამადე კი ღარიბაშვილი და ნორლანდი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ "სუფსის“ ტერიტორიაზე, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს დაესწრნენ. საზეიმო ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა.
ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავების პროცესში საჯარო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ნოდარ ხადური საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს აცნობს. შეხვედრის მიზანი გახლდათ აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და დონორი ორგანიზაციებისგან იმ რეკომენდაციების მიღება, რომელთა გათვალისწინებითაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია შემუშავდება. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა რამდენმე თვეში დასრულდება და იგი საქართველოს მთავრობის პროგრამებს დაეყრდნობა. მასში გასაზღვრული იქნება ის პრიორიტეტები და ფინანსური რესურსები, რომელიც უახლოეს წლებში გამოყოფილი იქნება ქყვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
ხანძარი წყალტუბოში- მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას წყალტუბოში. ცეცხლი სოფელ ჯიმასტაროს მიმდებარე ტერიტორიის ბუჩქნარს გაუჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 4 ჰექტარ მიწას მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო წყალტუბოსა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი პირი თავს დაესხა ბენზინგასამართ სადგურს. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით აიძულეს სადგურის ოპერატორი კარი გაეღო. როგორც აღმოჩნდა, ადგილზე არ იყო ნავაჭრი თანხა. თავდამსხმელებმა ბენზინგასამართი სადგურიდან მხოლოდ მობილური ტელეფონი და სალარო აპარატი წაიღეს. რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.
ბავშვთა მე-16 პოლიკლინიკის ექიმები დირექტორს უპირისპირდებიან. შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრის" რამდენიმე თანამშრომელი უარს ამბობს პოლიკლინიკის საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრთან შეერთებაზე. მათი თქმით, ამ შემთხვევაში თანამშრომელთა ნაწილი სამსახურს დაკარგავს, პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან პაციენტებიც, რადგან გაერთიანებული პოლიკლინიკა პაციენტებს ვერ დაიტევს. განსხვავებული პოზიცია აქვს ექიმების ნაწილს, მათთვის ცვლილება მისაღებია. დირექტორი კი აცხადებს, რომ შენობის გამოცვლა აუცილებელია, რადგან პოლიკლინიკა დამოუკიდებლად ხელფასების გაცემას ვერ შეძლებს და ასევე ვერ გადაიხდის კომუნალურ გადასახადებს.
საქართველო-აზერბაიჯანის
საზღვარზე, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარნეულის რაიონის სოფელ
კირაჩ-მუღალოსთან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე 25 წლის სერხან მუსაევი აფეთქდა. დაზარალებული ამ დროისთვის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია
მოთავსებული. მას რამდენიმე მძიმე ოპერაცია, მათ შორის მარცხენა ტერფის ამპუტაცია
ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. 25 წლის სერხან მუსაევი სოფელ
კაჩაგანიდან იყო, სოფელ კირაჩ-მუღალოში კი მეგობართან იმყოფებოდა.
ის მეგობართან ერთად დაკარგული პირუტყვის მოსაძებნად მივიდა წითელი ხიდის საზღვრის
მიმდებარე ტერიტორიაზე და ნაღმზე აფეთქდა. დაზარალებულის ახლობლები აცხადებენ, რომ
ამ ადგილზე აფეთქების ეს პირველი შემთხვევა არ რის.
რუსი ექსპერტები დღეიდან საქართველოში ღვინის 35 კომპანიის შემოწმებას იწყებენ. ამით დასრულდება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე გატანის პროცედურები. ექსპერტები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. პარალელურად, საქართველოს დელეგაცია სურსათის უვნებლობის სამსახურიდან მოსკოვში იმყოფება. ღვინის შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანის ჯერი დგება. სასმელებიდან კი შესაძლოა მალე რუსულ ბაზარზე ქართული ლუდიც გავიდეს.
ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, ნაძალადევის ოლქის წარმომადგენლების მუშაობას ხელს სამართალდამცველები უშლიან. როგორც კოკი იონათამიშვილი აცხადებს, შტაბის უფროსსა და ადგილზე მომუშავე მათ აქტივისტებს ფინანსურ პოლიციაში იბარებენ. იონათამიშვილი თბილისის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს თვითმმართველ ორგანოში არეულობის შეტანის მცდელობად აფასებს. მისი ინფორმაციით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკრებულოში არსებულ სიტუაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია მათი წევრის დაჯარიმებას აპროტესტებს. მათი განცხადებით, გვიან ღამით, როდესაც ისინი ქალაქის ქუჩებში 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით წარწერებს აკეთებდნენ, პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს და ერთ-ერთ წვერს ზურაბ ღლონტს ბრალი 150 მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც 50 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლაა. ისინი აცხადებენ, რომ წარწერებს ისეთ ობიექტებზე აკეთებდნენ, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს. ამიტომ მიიჩნევენ, რომ მათი ქმედება დასჯადი არ არის.
ლეიბორისტული პარტიის გეგმებზე და საარჩევნო კამპანიის წარმართვაზე ისაუბრა „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში გიორგი გუგავამ. გუგავა აცხადებს, რომ მისი მთავარი დაპირება ამომრჩევლებისადმი არის ქართული მიწების გასხვისების შეჩერება. „ლეიბორისტი“ ამომრჩევლებს ბიზნესის მონოპოლიების შეწყვეტას და საბანკო ანაბრების დაბრუნებას პირდება. „ლეიბორისტების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი პარლამენტში შესვლა აუცილებელია, რათა ქვეყანაში არსებობდეს რადიკალური ოპოზიცია. ‘ლეიბორისტები“ არ უერთდებიან კახა კუკავას შეთავაზებას ნაძალადევის რაიონში პრაიმერის ჩატარების თაობაზე.
კომენტარი