სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ რუსული ოცნება“ სამ ხმაში: ივანიშვილი იწყებს, ებრალიძე ჰყვება და გულუა ამთავრებს...

-ექვსთვიანი თავდაცვის რეჟიმი უკვე დამთავრდა, აწი ნახონ... - დაახლოებით ასე დაიქადნა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, როცა ვაკელებს, ქუთაისელებისგან განსხვავდებით პატივი დასდო და „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე თავად ესტუმრა.

შესაძლოა, ვინმეს ეს მოთმინებადაკარგული პოლიტიკოსის განცხადებად მოეჩვენოს, მაგრამ დანაქადნები რომ შემთხვევითი არ არის, ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად მიანიშნებს. არც იმის განსაზღვრაა ძნელი, რომ რაც უფრო მოახლოვდება წიწილების დათვლის დრო, მით უფრო აგრესიულად აკრიახდებიან „კრუხები“ და მით უფრო მეტი „კრუხის პალო“ გამოჩნდება...

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გააქტიურება სულაც არ გამოიხატება მხოლოდ ოფისების გახსნაში. როგორც ჩანს, ექვსთვიანი დაკვირვების შემდეგ სინანულით დაასკვნა, რომ „რუსული ოცნების“ ქართულად გადამკეთებელი დესანტი ვერ აღმოჩნდა მაინცდამაინც ყველაფრისწამლეკავი და მას დამხმარე ძალას უგზავნის, თანაც, ერთს კი არა, ერთდროულად ორს:

საქართველოში პირველ ხმად მოვლინებულ ივანიშვილს მეორე ხმას „ალიკ-ბაზარი“, იგივე ალექსანდრე ებრალიძე შეაშველებს, ხოლო „რუსული ოცნების“ ჰიმნს ბანით დაასრულებს კიდევ ერთი რუსეთში გამდიდრებული ქართველი - მინდია გულუა. სანამ ვინმე მოვლენების მიკერძოებულ ანალიზში დაგვდებს ბრალს, გაიხსენოს ჯერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება „ასავალ-დასავალთან“ იმის თაობაზე, რომ თუ საჭირო გახდება, ხალხს ქუჩაშიც გამოიყვანს, ასევე თინა ხიდაშელის ფრაზა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში: „მარტო ქუჩის აქციები კი არ იქნება, ყბაშიც მოხვდებათ“; ირაკლი ალასანიას განცხადებები თითქოსდა სამეგრელოში არსებული, ხელისუფლებისგან მართული შეიარაღებული ფორმირებების არსებობის შესახებ, „ქართული ოცნების“ მასობრივი მტკიცება, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, განცხადებები ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ, ბოლოდროინდელი გააქტიურება საქართველოს ფარგლებს გარეთ და ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები და თუნდაც გუშინდელი ფაქტი, როცა მილიარდერის დამქაშებმა ლამის იყო, ობამას წარგზავნილად წარმოაჩინეს ფრენკ ვიზნერი, არადა, სინამდვილეში, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში იმ ლობისტური კომპანიის სათავეებთან დგას, რომელიც ივანიშვილმა დაიქირავა.

არავინ აყენებს ეჭვქვეშ ვიზნერის პოლიტიკურ წონასა და გავლენას, მაგრამ ფაქტია, რომ მის ბიოგრაფიაში სერიოზული პოლიტიკური ლაფსუსებიც არის, ეს ლაფსუსები კი რატომღაც, ყურადღების მიღმა დარჩათ იმ „მეოცნებეებს“, რომლებიც ეგვიპტურ და ქართულ რეალობას შორის პარალელების გავლებით უყვნენ გართულნი. უფრო კონკრეტულად, ფრენკ ვიზნერს, 2011 წელს, ობამას ადმინისტრაციასა და მუბარაქის ხელისუფლებას შორის შუამავლის როლი უნდა განეხორციელებინა. თუმცა, კავშირის დამყარების საწინააღმდეგოდ, მისმა განცხადებამ თეთრ სახლს პრობლემები შეუქმნა.

მას შემდეგ, რაც მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მუბარაქის ცოტა მეტ ხანს დარჩენის სურვილი აქვს, შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს მოუწიათ იმის მტკიცება, რომ ეს არ იყო მათგან გაგზავნილი ოფიციალური შეტყობინება და რომ ისინი არ იზიარებდნენ ამ აზრს.

გამოცემა "The independent" თქმით, მათ გამოაშკარავეს, რომ ვიზნერს ანაზღაურებადი პოზიცია კომპანია Patton Boggs-ში ეკავა, რომელიც მუბარაქზე მუშაობდა. მუბარაქის ხელისუფლება £620,000-ზე მეტს უხდიდა კომპანიას, თავისი ინტერესების ვაშინგტონში დასაცავად.

გამოცემის შეფასებით, სწორედ ამიტომ ჩაუფლავდა მას შუამავლის მისია.

ამერიკის ოფიციალური პირები კი მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ: სენატორმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ ვიზნერის კომენტარები არანაირად არ ასახავდა იმ გეზს, რომელიც ადმინისტრაციას ჰქონდა პირველივე დღიდან, და ეს არ იყო ის მესიჯი, რომლის გადაცემაც მას ევალებოდა. ჰილარი ქლინტონმა კი მსგავსი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ ბატონ ფრანკის ღვაწლს და იმას, რომ იგი ეგვიპტეში გაემგზავრა. მაგრამ იგი არ საუბრობდა ადმინისტრაციის სახელით“.

აი, ასე: ლობისტი კომპანიის შეფის სტუმრობა კლიენტთან, ლამის იყო, ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად დასახელდა. მერე რა, რომ თავად ვიზნერმაც კი თავი შეიკავა ეგვიპტისა და საქართველოს მოვლენებს შორის პარალელის გავლებისგან და განაცხადა, ამგვარი შედარება უხერხულიც კი არისო - რაც მთავარია, ტალღა ხომ აგორდა?..

დღეს კი, როგორც თავში აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის პირველ ხმას ალექსანდრე ებრალიძე აჰყვა. მან უკვე აშკარად განაცხადა, რომ პოლიტიკურ აქტივობას იწყებს და მისი „საქართველოს ხალხთა კონგრესი“ წინასაარჩევნოდ მხარს დაუჭერს კახა კუკავას პარტიას „თავისუფალი საქართველო“. კარგად დავაკვირდეთ ალექსანდრე ებრალიძის განაცხადს:

"საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესში 450 000-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე არ არის, მათ შორის პირადად მეც. ხელისუფლება მოქალაქეობის მიღების უფლებას არ მაძლევს. კონგრესმა მიიღო საერთო გადაწყვეტილება, რადგან კონგრესის წევრთა უმრავლესობას არჩევნებში პირადად მონაწილეობის საშუალება არ აქვს, ამიტომ ვაცხადებთ, რომ საპარლმენტო არჩევნებში მხარს პარტია "თავისუფალ საქართველოს" და მის ლიდერს კახა კუკავას დავუჭერთ. ეს მხარდაჭერა როგორც მორალურ, ისე ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. - განაცხადა ებრალიძემ და დასძინა, რომ კონგრესის აზრით, "თავისუფალი საქართველო" ქართულ ეროვნულ ინტერესებს გამოხატავს.

არადა, ეს სწორედ ის კახა კუკავაა, რომელიც საშინლად ღიზიანდებოდა და „მოსყიდულსა“ და „ხელისუფლებისგან მოგზავნილს“ უძახდა ყველა ჟურნალისტს, რომელიც მისი პარტიის დაფინანსებით დაინტერესდებოდა და ჰკითხავდა, ჰქონდა თუ არა კავშირი რუსეთში მოღვაწე იმ ქართველ ბიზნესმენებთან (მათ შორის, ალექსანდრე ებრალიძესთან), რომლებიც კრელთან დაახლოებულ პერსონებად აღიქმებოდნენ...

რაც შეეხება ბანს, ანუ მესამე ხმას, ის ამ „გუნდში“ თითქმის შეუმჩნევლად შემოიპარა. არანაკლები პოლიტიკური ამბიციითა და სქელი ჯიბით ცნობილმა მინდია გულუამ საქართველოში თავისი დასაყრდენი პოლიტიკური პარტია უკვე დაარსა, თუმცა, მას შემდეგ ამ პარტიას, მაინცდამაინც თავი არ შეუწუხებია აქტიურობით. როგორც ჩანს, ისინი მშვიდად ელოდნენ ბანის სათქმელ დროს და გუშინ ჩათვალეს (ან დაავალეს), რომ ხმა უნდა ამოიღონ. ამიტომაც, პარტიის რეგიონულმა მდივანმა ლაშა გვასალიამ სააგენტო „ივერონს“ საკმაოდ სკანდალური ინტერვიუ მისცა, საიდანაც ირკვევა, რომ „განახლებული საქართველოსთვის“ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში თბილისსა და ზუგდიდში დევნილთა მასობრივ შეკრებას გეგმავს და, არც მეტი, არც ნაკლები... 120 ათასი დევნილის გამოყვანა აქვს დაგეგმილი. ინტერვიუში ნათქვამია, რომ „განახლებული საქართველოსთვის“ აფხაზ და ქართველ ხალხს შორის დიალოგის დაწყებას გეგმავს, მაგრამ არაა განმარტებული, როგორ უნდა „იდიალოგონ“ აფხაზ ხალხთან, ვთქვათ, თბილისში შეკრებილმა დევნილებმა... იქვე კი მინიშნებულია, რომ „პარტიის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ დაგვაკავშირა აფხაზ დეპუტატთან, რომელიც მანამდე ქართველთმოძულე იყო“. ახლა კი ისევ ყურადღებით დავაკვირდეთ მინდია გულუას მარჯვენა ხელის განცხადების პათოსს:

“მინდა ხელისუფლებას მივმართო, რომ მე ვიქნები პირველი მსხვერპლი, თუ ვინმეს რამე მოუვა. მე ჩავუდგები ამ შეკრებას სათავეში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. გვინდა ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხს არავისი ეშინია.”

ახლა კი მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რას ამბობენ ის ცნობილი პიროვნებები - ექსპერტები, პოლიტოლოგები და კონფლიქტოლოგები, რომელთა აზრი აშკარად ყურადსაღები და გასათვალისწინებელია და ამის შემდეგ, ჯაჭვის რგოლების გამთლიანებით, ვცადოთ დავასკვნათ, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო:

ინტერნეტსაიტი Business Insider პენტაგონის ყოფილი ჩინოვნიკის, მაიკლ მალუფის წერილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ირანზე თავდასხმა რუსეთისთვის კარგი საბაბი გახდება, რათა ოცნება აიხდინოს და სამხედრო გზით დაამყაროს კონტროლი სამხრეთ კავკასიასა და განსაკუთრებით, საქართველოზე.

რუსეთი ელოდება, რომ ირანს ზაფხულში დაარტყამენ, რისთვისაც შეიმუშავა თავისი ჯარების გადაადგილების გეგმა - საქართველოდან სომხეთში, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას ესაზღვრება - წერს სტატიის ავტორი. მალუფი ამბობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვიქტორ ოზეროვის განცხადებით, გენერალურ შტაბს უკვე აქვს მოქმედების გეგმა ირანზე შეტევის შემთხვევაში.

მალუფი წერს, რომ „ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების ფონზე, პერსპექტივა იმისა, რომ ის კვლავ ბრძანებს საქართველოზე თავდასხმას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, ძალიან დიდია“ - როცა ამას ამბობს, მალუფი კვლავ რუსულ წყაროებს იმოწმებს.

მალუფის აზრით, მთავარი მიზეზი გიუმრის ბაზის მომარაგების პრობლემა გახდება. ამჟამად გიუმრის მომარაგების საქართველოზე გამავალი მარშრუტი თბილისს ბლოკირებული აქვს და ბაზა ირანიდან მარაგდება. ომის შემთხვევაში კი რუსი ჩინოვნიკები ჩათვლიან, რომ ეს მარშრუტიც ჩაიკეტება და ამიტომ, მათი სამიზნე კვლავ საქართველო ხდება.

მალუფი ამიერკავკასიაში რუსული ჯარების ყოფილი მეთაურის იური ნეტკაჩოვის ციტირებას ახდენს:

„შესაძლოა, აუცილებელი გახდეს სამხედრო ჩარევის გამოყენება იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადა გაარღვიოს და შექმნას სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც სომხეთში მიდის“ - ამბობს ნეტკაჩოვი. თავად სტატიის ავტორი კი დასძენს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოგრაფიის მიხედვით, სომხეთში რუსეთის ბაზის კვების ნებისმიერი კორიდორი საქართველოს შუაგულზე - თბილისთან ახლოს უნდა გავიდეს.

სამხედრო ექსპერტი, პაველ ფელგენგაუერი კი ამბობს:

„2008 წელს „კავკაზ 2008“-ის მანევრებმა საშუალება მისცა რუსეთს, დაემალა სამხედრო ძალების გადაადგილება-განთავსება, რომლებიც შემდეგ, აგვისტოში, წარმატებულად შეიჭრნენ საქართველოში.“ და ამატებს:

„რუსეთის ძალებმა შეიძლება მიიღონ ბრძანება, დაარტყან სამხრეთ კავკასიას, რათა აღკვეთონ იქ ამერიკული ბაზების განთავსება და დაამყარონ კავშირი ბაზასთან სომხეთში, ასევე სამხრეთ კავკასიის ენერგოკორიდორზე“ - ექსპერტის თქმით, „ერთი პატარა, გამარჯვების მომტანი ომი“ კრემლს კვლავ რუსი ხალხის მხარდაჭერას მოუტანს და საპროტესტო დემოკრატიული მოძრაობის ნარჩენებსაც საბოლოოდ გაანადგურებს.

დაახლოებით ამავე პოზიციაზე დგას აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ძალოვანი ჩარევა სირიასა და ირანის კრიზისებში სავალალო შედეგებამდე მივა. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ისარგებლოს ამ სიტუაციით და საქართველოსთან ახალი ომი დაიწყოს რეჟიმის შეცვლის მიზნით. "სერიოზული კრიზისის დაწყების გარეშე ამის ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ ასეთი კრიზისი გაჩენის შემთხვევაში, ამის ალბათობა იზრდება", - აცხადებს ბზეჟინსკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100