
დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
„ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უამრავი სტუმრის გამო პოლიციამ მიიღო ზომები, გადაკეტილიყო მაგისტრალი. დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ერთ-ერთ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“ – განმარტავს ადვოკატი.
როგორც მან აღნიშნა, დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს.
„კირკიტაძე დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და დღეიდან გადადის მშრალ შიმშილობაზე“ – განაცხადა ადვოკატმა.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები არიან შეკრებილი.
კომენტარი