მე და ირაკლი დავდიოდით სიბნელეში და მიწას ვთხრიდით, რაღაცას (ვიღაცას) ვეძებდით
ირაკლი ალასანიას ცოლი აგვისტოს ომსა და აფხაზეთის ომს იხსენებს.
“8-ში რაჭაში ვიყავით მე, დედაჩემი, ჩემი შვილები და მათი მეგობრები. თვითმფრინავები ეზოში ფრინავდნენ და ზოგჯერ ხეებს ედებოდნენ, ფოთლებს აცლიდნენ. ირაკლი ნიუ იორკიდან გვირეკავდა. რა ვქნა, სარდაფში დავიმალოთქო? როცა დაბლა არიან არაო, დაბლიდან არ დაგბომბავენო.. მაღლა კი სულ იყვნენ.
რაჭის გამჭვირვალე ჰაერში ისეთი გუგუნი ისმოდა, სარდაფიდან თავის გამოყოფას ვერ ვასწრებდით, ისევ დასამალი ვიყავით. და მაინც, იქაც მქონდა ბედნიერების საფუძველი - ბავშვები არცერთხელ შიშს ისე არ აუტანია, რომ დედაჩემი დავიწყნოდათ, რომელიც ცხადია, სირბილით ვერ შევიდოდა სარდაფში. ვუყურებდი ჩემს შვილებს და მათ მეგობრებს და ვიყავი ამქვეყნად ყველაზე ამაყი.
აფხაზეთში რომ ომი დაიწყო, მაშინაც აგვისტო იყო და მაშინაც რაჭაში ვიყავი. დილას სამმა ადამიანმა, მე, ირაკლიმ და ჩემი ბიძაშვილის ქმარმა დაახლოებით ერთნაირი სიზმარი ვნახეთ. რატომღაც სამივემ გავუზიარეთ სიზმრის შინაარსი ერთმანეთს და სხვებსაც. ბევრი ხალხი, სისხლი და ჩოჩქოლი. ჩემი სიზმარი დღესაც ცხადად მახსოვს, - მე და ირაკლი დავდიოდით სიბნელეში და მიწას ვთხრიდით, რაღაცას (ვიღაცას) ვეძებდით.
წუხელ დამესიზმრა, თითქოს მომახარეს, ირაკლის მამაც ცოცხალი ყოფილაო, სულ სხვანაირადაა საქმე, მალე ყველაფერი გაირკვევაო. რა უცნაურია, ძილის წინ და არც ამ დღეებში ომზე არ მიფიქრია თითქოს, ერთადერთი რამდენჯერმე კაზანტიპზე გავიფიქრე, როგორ ყველგან ერთნაირია ადამიანი, როცა ჩვენთან სისხლის გუბეები იდგა, ზოგი დუბაიში გასამგზავრებელ რეისს ელოდა, ახლა, როცა ლამის მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე ვართ, უკრაინაშიც არსებობენ მხიარული ადამიანები, საჟრიამულოდ მზადმყოფი. ალბათ ესეც თავდაცვაა, სტრესის დამარცხება მხიარულებით? თორემ რა დროს რიოს კარნავალია ერთი შეხედვით?”- წერს ნათია ფანჯიკიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
კომენტარი