სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”პოლიტფორუმზე” საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების გეგმა გამოქვეყნდა

”პოლიტფორუმზე” საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების გეგმა გამოქვეყნდა. გეგმის დეტალები ფორუმზე მომხმარებელმა asds-მა გამოაქვეყნა .
გეგმაში გადატრიალების მთავარი მეთოდად საპროეტესტო აქციების ფონზე შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა, პოლიციისთვის იარაღის ჩამორთმევა, ადმინისტრაციული შენობების ძალით აღება, "გათავისუფლებულ" ტერიტორიებზე "სააკაშვილის რეჟიმის მსახურთა სიკვდილით დასჯაა".
asds-მის ვერსიით, გადატრიალება დაიწყება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების რადიკალური ნაწილის ინტერნეტრესურსებით მობილიზებით, სახალხო პროტესტის გამოხატვის თარიღის გამოცხადებით და დათქმულ დროს საქართველოს რამდენიმე მსხვილ ქალაქში საპროტესტო აქციებით.
ძირითადი საპროტესტო აქცია იგეგმება და ტარდება ქუთაისში. პროტესტანტების ძირითადი ნაწილი მიდის ქუთაისში აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
"ქუთაისში დაგეგმილი საპროტესტო მიტინგის დაცვის მიზნით, 400-500 (რაც მეტი მით უკეთესი) ადამიანი აქციაზე სანადირო თოფებით და სხვა ლეგალური და არალეგალური იარაღით მიდის, იქმნება რამდენიმე 150-200-კაციანი თავდაცვის რაზმი", - ნათქვამია გეგმის მეხუთე პუნქტში.
ამის შემდეგ ამბოხებულენი "სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს" უყენებენ ულტიმატუმს, 5 საათიან ვადაში გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი, დაიშალოს პარლამენტი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
გეგმის ავტორები ვარაუდოებენ, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდება და სწორედ ამის შემდეგ იწყება შეიარაღებული მოქმედებები. კერძოდ, მომიტინგეები იკავებენ ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობებს, "სადაც საჭიროა, ძალის გამოყენებით".
"ქუთაისის მეამბოხეთა ხელში გადასვლის შემდეგ, სასტიკად მკაცრი დისციპლინის პირობებში (ბრძანების შეუსრულებლობა-მარადიორობა-მშვიდობიანი მიშმადიდებელი და სხვა მოქალაქეების დარბევა - სამხედრო დროის შესაბამისად დაისჯება სიკვდილით) რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის ბაზაზე (პრიორიტეტი ენიჭებათ საბრძოლო გამოცდილების მქონე პირებს) იქმნება მრავალათასიანი შეიარაღებული რაზმები, შეიარაღებული მათ შორის ე.წ. პოლიციისთვის ჩამორთმეული იარაღით. მეამბოხეები ორ ნაწილად იყოფიან. ერთი ნაწილი ათავისუფლებს სამეგრელოს და აჭარას (გურია ისედაც თავისუფალია), მეორე ნაწილი მიემართება თბილისისკენ", - ასეთია გეგმის მე-8 და მე-9 პუნქტები.
გეგმის მიხედვით, ნებისმიერი წინააღმდეგობა, რომელიც მეამბოხეებს შეიძლება დახვდეს დაუნდობლად ნადგურდება, "გათავისუფლებულ" დასახლებულ პუნქტებში "სამხედრო პირობების შესაბამისად", საველე სასამართლოს მიერ სიკვდილით ისჯება "კრიმინალური რეჟიმის ადგილობრივი ყველა მსახური".
ქუთაისის მეამბოხეების ხელში გადასვლის შემდეგ კი, იგეგმება აქტიური მუშაობა "გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" საჯარისო ფორმირებების ხალხის მხარეზე გადასვლის უზრუნველსაყოფად, თბილისში კი შემოდიან მეამბოხეთა შეიარაღებული ფორმირებები და საჯარისო ნაწილები, რომელთაც ხალხის მხარეს გადასვლა გადაწყვიტეს.
გეგმის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თუ იმ დროისთვის სააკაშვილი ჯერ კიდევ საქართველოში იქნება, დგინდება მისი ადგილსამყოფელი და ხორციელდება მისი და მისი გარემოცვის ლიკვიდაციის ოპერაცია.
ამის შემდეგ კი, იქმნება გარდამავალი მთავრობა, საველე სასამართლოები ასამართლებენ "სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მსახურებს", შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში (1-2 წელიწადი) ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ინტერნეტგამოცემა "პრესა-გე"-ს ინფორმაციით, ამ გეგმის განხილვა ფორუმზე წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა . ამ ნიკით ქართველი ჟურნალისტი, ლევან გუდაძე სარგებლობდა, რომელიც 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს ომის მიმდინარეობისას ანტიქართულ განცხადებებს და ქართველი ჯარისკაცების „მაკომპრომეტირებელ“ ვიდეოებს ავრცელებდა. 2009 წლის სექტემბერში გუდაძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა და მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებით მის მიმართ განხორციელებული მუქარები დაასახელა. ერთ–ერთი ვერსიით, გუდაძე ცხინვალში იმყოფება, მეორე ვერსიით კი იგი რუსეთშია და აქტიურადაა ჩაბმული საქართველოში „მეხუთე კოლონის“ მოქმედების კოორდინაციის საკითხებში. ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100