ხუდონის აშენების გარეშე ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლებელია
უკანასკნელ პერიოდში ბევრს საუბრობენ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული ხუდონჰესის მშენებლობის განახლება-არგანახლების თემაზე. ამ საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. სპეციალისტების აზრით, ამ პროექტის განხორციელება ქართული ენერგოსისტემისათვის მომგებიანია და შესაბამისად ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსების კომენტარებს გთავაზობთ.
მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:
„საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისთვის ხუდონჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიების გარეშე ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლებელია. თუმცა, გათვალისწინებული უნდა იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოება და ზედმიწევნით სწორი და ზუსტი გათვლები გაკეთდეს. პროექტის მიზანშეწონილობა და რისკი კონკრეტულად უნდა იყოს გათვლილი. განსაკუთრებით სათუთ დამოკიდებულებას მოითხოვს განსახლების საკითხი, ეს პროცესი მოსახლეობის ინტერესების და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
ის, რომ ქვეყანას დამატებითი ენერგორესურსები სჭირდება და მის გარეშე ადგილობრივი წარმოება ვერ განვითარდება, ცხადზე ცხადია. ამ პროცესების წინააღმდეგი ვერ იქნება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ხელისუფლების მხარდამჭერი.
თავის დროზე, ანალოგიური პრობლემების წინაშე იდგა ქვეყანა, როცა ენგურისა და ჟინვალის ჰესების საკითხი წყდებოდა. ახლა წარმოდგენაც შეუძლებელია, რა იქნებოდა ქვეყანა ამ ჰესების გარეშე. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა არ შევაფერხოთ.“
გია თორთლაძე, ყოფილი პარლამენტარი:
„არ ვარ პროფესიონალი, რომელიც ხუდონჰესის პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს სათანადოდ შეაფასებს, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არ ვარ გარკვეული, როგორ აპირებენ განსახლებისა და ეკოლოგიური საკითხების მოგვარებას ისე, რომ ადამიანები არ დაზარალდნენ და გარემოზე ზემოქმედების მინიმალიზაცია მოხდეს. ვიზიარებ, რომ ეკონომიკურად აუცილებელი ინფრასტრუქტურაა. სასურველი იქნება, მოსალოდნელი ზიანის შესახებ მეტი ვიცოდე. ნაკლებად მესმის დამაჯერებელი არგუმენტები, რის გამოც ხუდონჰესის მიმართ შუალედურ პოზიციას ვიჭერ. ვფიქრობ, რისკები სათანადოდ უნდა შეფასდეს. ერთხელ უკვე ჩავარდა პროექტი. თუმცა, მისი იდეა უდავოდ პოზიტიურია და მეტი დამაჯერებლობისთვის, სწორ, არგუმენტირებულ ანალიზს მოითხოვს.“
ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
„საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის მშენებლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის ენერგორესურსების ნებისმიერი მიმართულებით მობილიზება აუცილებელია. ყველაზე მტკივნეული ამ საკითხის გარშემო განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემაა. მოსახლეობის მხრიდან დიდი პროტესტი არსებობს და ეს პროექტის განხორციელებაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. მთავარია, ამ ადამიანებს კომპენსაცია ადეკვატურად და სამართლიანად გადაეცეთ. პრობლემა რაც არ უნდა არსებობდეს, საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ხედვაა.
თავს მეტი შეფასების უფლებას მივცემდი, მაგრამ ადგილობრივი ბაზა ჩემთვის უცნობია. არ ვიცი, რა ხდება იქ, სადაც ხუდონჰესის მშენებლობა იგეგმება. თუმცა, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის მშენებლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტი კეთდება მომავლისთვის – როგორც დასაქმების, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებული წინსვლისთვის.“
კომენტარი