სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ბოდიშის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმი თრუსოს ხეობას და "დამოუკიდებლობას" ითხოვს

დროებითი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილ ლიდერს ედუარდ კოკოითს, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას აგვისტოს ომის დროს ხელმძღვანელობდა, ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ ახალ მოთხოვნებს აყენებს - ამის შესახებ ის ტელეგრამ არხზე წერს.

კოკოითი წერს, რომ ოლიგარქის განცხადებაში ახალი არაფერია და მომხდარზე პასუხისმგებელი სრულიად საქართველოა.

ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია. მე 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ქვეშევრდომები საერთაშორისო კრიმინალები არიან. ისინი უნდა გასამრთლდნენ და დაისაჯონ. მცდელობა, ყველაფერი უტვინო სააკაშვილს და აშშ-ს დააბრალონ, ძალიან წარუმატებელი და არაშორსმჭვრეტელია. პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ საქართველოს, რომელმაც დათმო დამოუკიდებლობა და გახდა შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი“, - წერს ის ტელეგრამის არხზე.

კოკოითი ამბობს, რომ საქართველოს პატიება არასდროს მოხდება.

ვინ დაგვიბრუნებს ათიათასობით მოკლულ და-ძმას? ვინ შეამსუბუქებს დაკარგვის ტკივილს ოჯახისა და მეგობრების გულებში? ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ, - თქვა მან.

კოკოითს მიაჩნია, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ შეთანხმებას, რომელიც იქნება გარანტია მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არგანახლების შესახებ“, ასევე საქართველომ უნდა დააბრუნოს თრუსოს, გუდოს და სხვა ხეობებიც.

კოკოითმა მოუწოდა ოსებს „არ მოტყუვდნენ და არ იყვნენ ოსეთში ივანიშვილის მიერ გადახდილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების მარიონეტები“. ის დარწმუნებულია, რომ ქართული სპეცსამსახურების "მთვლემარე ბირთვები" ოსეთში უახლოეს ხანებში გააქტიურდება.

კოკოითი ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოსთან მშვიდობა უნდა იყოს რუსეთის პირობებით“ და მათი საიმედო მხარდაჭერით „ოსეთი და აფხაზეთი უნდა გახდნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი ფორპოსტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100