ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და მათ შორის იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ერთი თხოვნა და მოწოდება მაქვს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობასთან. რამდენჯერმე გაჟღერდა ჩვენგან ეს მოწოდება ჩინეთთან მიმართებით, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ ჩინეთში მოგზაურობას. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში, ასევე მაღალ დასენიანებულ ადგილებში. სამწუხაროდ, აქ შევიდა ასევე იტალია და განსაკუთრებით, მისი ჩრდილოეთ ნაწილი. ხაზს ვუსვამ, ეს აკრძალული არ არის, თუმცა თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შევიკავოთ მოგზაურობისგან. იგივე რეკომენდაციას იძლევა ევროპისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩინეთში მოგზაურობაზე გამოცხადებულია გაფრთხილების ე.წ. მესამე დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის რეკომენდირებული ჩინეთში მოგზაურობა", - განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარი