სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ საქართველოს არჩევნებში „ჩარევისთვის“ ეუთო/ოდირს შეეკრა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ჩარევას“ გეგმავს და ამისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ეუთო/ოდირი) იყენებს, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ ოდირი „აშშ-ის ხელისუფლების არაკეთილსინდისიერი თამაშების“ გამხმოვანებლად იქცა და დასძინა, რომ „არსებულ ვითარებაში, რუსეთის გადაწყვეტილება, შეამციროს ეუთოს დაფინანსება, რათა როგორმე შეასუსტოს ამ ოდესღაც პატისაცემული საერთაშორისო სტრუქტურის დესტრუქციული საქმიანობა, გამართლებული ჩანს“.

რუსეთმა მსგავსი ბრალდებები აშშ-ის წინააღმდეგ აგვისტოშიც გააჟღერა. დაზვერვის სამსახურის ადრინდელი განცხადების შემდეგ, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აშშ „თბილისის მაიდანს“ გეგმავს, რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, თავიდან აიცილოს „ფერადი რევოლუცია“ საქართველოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კატეგორიულად უარყო რუსეთის ბრალდებები, რომ აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ გეგმავს და სანაცვლოდ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს განვითარებასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს ახალი ინსტრუმენტი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის, რათა აღკვეთოს „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რომელიც ახლა „ვაშინგტონისთვის არასასურველია“. მისივე თქმით, „ამერიკელები შეთანხმდნენ ‘ითანამშრომლონ’ ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით“.

„იგეგმება, რომ ეუთო/ოდირი შუალედურ ანგარიშს კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნეს, რომელშიც იქნება დასკვნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – აცხადებს დაზვერვის სამსახური. „პირველი შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“.

ამ კონტექსტში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური შეერთებულ შტატებს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ის საბაბს აძლებს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს, რომლის მიზანიც ძალისმიერი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა“.

რუსეთის დაზვერვა ასევე ამბობს, რომ „სამწუხაროა“, რომ ეუთო/ოდირი „ასეთ მაქინაციებში მონაწილეობს“. „განსაკუთრებით აღვნიშნავთ ბიუროს მზადყოფნას კენჭისყრამდე დიდი ხნით ადრე, აპრიორი „არადემოკრატიულად“ ცნოს ის“, – აცხადებს დაზვერვის სამსახური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100