"იარაღი მომაბჯინა და მიბრძანა, ტანსაცმელი გამეხადა" - 50 წლის უკრაინელი ქალის ამბავი, რომელიც ჰყვება, რომ ოკუპანტებმა გააუპატიურეს და ქმარი მოუკლეს
რუსებმა კიევის შემოგარენიდან უკან დაიხიეს, მაგრამ იმდენი საშინელება ჩაიდინეს, აქ მცხოვრებ ადამიანებს ისეთი ტრავმა მიაყენეს, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ დაივიწყებენ. BBC-ის კორესპონდენტი პირადად ესაუბრა ქალს, რომელსაც რუსმა სამხედროებმა მეუღლე მოუკლეს, ხოლო თვითონ ის გააუპატიურეს. დასავლეთ კიევში მცხოვრები ანა (სახელი შეცვლილია) 50 წლისაა. ის ყვება, რომ 7 მარტს ის და მისი მეუღლე მარტონი იყვნენ, როცა უცხოელი სამხედრო მათ სახლში შეიჭრა. "იარაღი მომაბჯინა და მიბრძანა, ტანსაცმელი გამეხადა, თან მაშინებდა, რომ თუ იმას არ გავაკეთებდი, რასაც მეუბნებოდა, მესროდა. ამის შემდეგ ჩემზე იძალადა", - ამბობს ოკუპანტების მსხვერპლი. ანას თქმით, მოძალადე ახალგაზრდა, გამხდარი ჩეჩენი იყო, რომელიც რუსების გვერდით იბრძოდა. "ვიდრე მაუპატიურებდა, კიდევ 4 სამხედრო შემოვიდა, ვიფიქრე, ჩემი საქმე წასული იყო, მაგრამ მათ მოძალადე გაიყვანეს და ის მეორედ აღარ მინახავს", - ამბობს ქალი. ანას მეუღლე ოთახში მუცელში დაჭრილი დახვდა: "ის ჩემს დასახმარებლად გამოქცევას ცდილობდა, მაგრამ რამდენიმე ტყვია ესროლეს", - ჰყვება ის. ამის შემდეგ, ცოლ-ქმარი თავს მეზობლის სახლში აფარებდა. იმის გამო, რომ გარეთ ბრძოლა იყო, ანამ მეუღლის საავადმყოფოში წაყვანა ვერ მოახერხა და ის 2 დღის შემდეგ, მიყენებული ჭრილობებისგან, გარდაიცვალა.
კომენტარი