სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს, თბილისში, პარლამენტის სასახლეში დავით აღმაშენებელის სახელობის განახლებულ დარბაზში, ბიუროს სხდომით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მუშაობას, როგორც პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის სასახლეებში, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებში განაგრძობს.

„გადაწყვეტილებებს პარლამენტი მიიღებს ქალაქ ქუთაისში. გადაწყვეტილებების მოსამზადებლად და საკითხების განსახილველად ჩვენ გვაქვს მთელი საქართველო სამოქმედო ტერიტორიად და ვალდებულიც ვართ, რაც შეიძლება ხშირად და ახლოს მივიდეთ ჩვენს ამომრჩეველთან და ეს ასეც იქნება, იმიტომ, რომ გეგმები გვაქვს სწორედ მაჟორიტარების ბიუროების გააქტიურების და მოქალაქეებთან უფრო მჭიდრო კონტაქტის მიზნით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისში პარლამენტის გადმოტანით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თბილისის სასახლეში ჩატარებულ აღდგენით სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, შენობის აღდგენასა და ტექნიკურ აღჭურვაში 22 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ჩვენ, საქართველოს ახალი მთავრობა და ამ მოწვევის პარლამენტი, იძულებული ვიყავით, აგვენაზღაურებინა ის ზარალი, რომელიც ამ შენობას მიაყენეს. შენობის წესრიგში მოყვანა დაახლოებით 22 მილიონი ლარი დაჯდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ზარალი იყო მიყენებული სახელმწიფოსთვის. 22 მილიონი ლარიდან 17,5 მილიონი ლარი მოხმარდა სხდომათა დარბაზის, საკომიტეტო დარბაზების, ბიუროს ოთახის და სხვა სამუშაო ოთახების ტექნიკურ აღჭურვას და იმ ყველაფრის აღდგენას, რაც განადგურებული იყო. ამასთან, ჩვენ ქუთაისში მდებარე შენობისთვის ამ თვალსაზრისით არაფერი მოგვიკლია, ეს არის სახელმწიფო ქონება და მას უნდა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. ბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის ყველა წევრისთვის და ყველა ფრაქციისთვის სამუშაო ოთახები ერთნაირი ხარისხითა და სტანდარტებით მომზადდა.

ბიუროს სხდომაზე 3-5 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ბიუროს მომდევნო სხდომა და პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 3 სექტემბერს, ქუთაისში გაიმართება.

ბიუროს სხდომა 12 საათზე, ხოლო პლენარული სხდომა 13 საათზე გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100