სკანდალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება ვინაა "რუსთავი 2"-ის მესაკუთრე
რუსთავი 2-მა სკანდალური დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რუსთავი 2 არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.
5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:
"ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე."
მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.
რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა. ოქრუაშვილის თქმით სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ის ხალვაშთან სასამართლო დავის დაწყებასაც გეგმავს.
"ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა - ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ, 2010 წელს გაფორმდა ბერლინში. დავა არ გვქონია, მაგრამ ვაპირებ აუცილებლად,"- აცხადებს ოქრუაშვილი.
სიუჟეტი იხილეთ ლინკზე.
კომენტარი