სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგი გვახარიას ახალი ბლოგ-პოსტი: თვალ-ყური და კარიერა

დავიწყე წერა და მივხვდი, რომ არის საკითხები, რომლებსაც სიტყვებით ვერ ვხსნი. ერთი კარგი რუსულ-საბჭოთა ფილმია, კარგი კი არა, ძალიან კარგი, ილია ავერბახის “სხვისი წერილები”. ახალგაზრდა, სასოწარკვეთილი და გარემოს უხამსობისგან დაღლილი მასწავლებელი თავის მასწავლებლებს ესტუმრება, მოხუც ცოლ-ქმარს, იმათ, რეპრესიები რომ გადაიტანეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს “რეჟიმი”. “მე ცუდი მასწავლებელი ვარ, მე ვერ ვუხსნი მათ, რომ სხვისი წერილების წაკითხვა არ შეიძლება” - ეუბნება გულგატეხილი. “რა ახსნა უნდა მაგას, არ შეიძლება და მორჩა!” - ასეთია პასუხი. მაგრამ ეს პასუხი, პრინციპში, არაფერს ნიშნავს.

გამახსენდა და თავი დავანებე წერას იმაზე, რომ არ შეიძლება დათანხმდე ჟიურის წევრობაზე პუტინ-მიხალკოვის კინოფესტივალს. არ შეიძლება და მორჩა. დავანებე თავი, რადგან მივხვდი, რომ არის რაღაცები, რასაც ქართველ ხელოვანს ვერ აუხსნი. მაგრამ მაინც წვალობ - გენანება ეს კარგი ხელოვანიც, ქართული კინოც და ეს ქვეყანაც, ვერაფრით რომ ვერ გამოდის „რეჟიმის“ ტყვეობიდან.

იქნებ ცოტა დავაფრთხოთ-მეთქი ვიფიქრე. ვუთხრათ, რომ რუსეთში ამ კომპრომისით მართლაც შესაძლებელია გაიკეთო კარიერა. მოსკოვის ფესტივალის ჟიურის წევრობა რაღაცას ნიშნავს “ნოვი რუსკისთვის”, რომელიც ახალ ფილმს დაგიფინანსებს და იმ ფილმში იტყვი შენს სათქმელს (აბა საქართველოში რა ხეირია კინოს გადაღება?) - დიდი ბაზარია და შანსიც მეტია იცხოვრო შენი პროფესიით და, შენი ზოგიერთი, არანაკლებ ნიჭიერი კოლეგისგან განსხვავებით, იძულებული არ გახდე, კულტურის ამბები წაიყვანო ტელევიზიით, რათა არსებობის საშუალება გქონდეს, მაგრამ ეს ფაქტი, ეს კომპრომისი შენი ბიოგრაფიის ნაწილი გახდება და საეჭვოა ამის მერე, რაც უნდა გააკეთო, სულ შედევრი რომ გადაიღო, არ მოგაძახოს ვინმემ - როგორ უნდა მჯეროდეს შენი ჰუმანიზმის, როცა დათანხმდი, მონაწილეობა მიგეღო იმ ადამიანების „ივენთში“, რომლებიც სიძულვილს ქადაგებენ, ციხეში სვამენ სხვაგვარად მოაზროვნეებს. იმ ადამიანების „ივენთში“, რომლებმაც ცინიკურად დაიპყრეს შენი ქვეყანა და ასიათასობით დევნილი უსახლკაროდ დატოვეს.

არ ივარგებს ეს შეშინება. მეტისმეტად ბანალური იქნება და დაგცინებს პათეტიკის გამო. შეიძლება კინოს ისტორიაში მოიქექოს ასეთი კომპრომისები და ასე გაგაჩეროს.

არ გამოვა ეს შეშინება, რადგან ბევრია, ძალიან ბევრია ქართველი ხელოვანი, რომლისთვისაც უცხო ენაა კონფორმიზმზე საუბარი. ისინი ბევრნი არიან! მათ ხელშია “კულტურის ინდუსტრია”. ისინი ერთმანეთს უჭერენ მხარს. ესაა “ერთი ჯიში”, რომელსაც სხვებზე მეტად უნდაკარგი ცხოვრება. ასე ცხოვრობდნენ საბჭოთა ეპოქაში - პარტიის წევრები ხდებოდნენ, ცეკაში ესწრებოდნენ საგანგებო თათბირებს, ერთს ამბობდნენ თავიანთ ფილმებში, სპექტაკლებში, სიმფონიებში და ცხოვრობდნენ სხვანაირად. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ბევრი მათგანი “მხედრიონსაც” კი შეეკრა, რადგან საფრთხე დაემუქრა მათ კომფორტსა და კეთილდღეობას, მათ საგზურებს და მათ “პაეზდკებს”. შეეკრა ყაჩაღებს და ასე გააგრძელა ძალაუფლებასთან არშიყი - დიდი ჯვარი დაიკიდეს და პარტბილეთი არ გადააგდეს. არ იცოდნენ ჯერ, რაში გამოადგებოდათ.

მერე მოვიდნენ მათი შვილები. ახალი ნახეს, ახალს მოუსმინეს, მაგრამ ცხოვრების წესი არ შეცვალეს. ჯიშიანი ძაღლებივით იყნოსეს სად იყო სარჩელი და ასე გააგრძელეს ფილმების გადაღება, სპექტაკლების დადგმა და მუსიკის წერა. ამავე დროს იცოდნენ, რომ ეს “ჯიში” სასტიკია. მას თუ დაუპირისპირდი და მისი ცხოვრების წესი თუ არ გაიზიარე, გაგთელავს და მარტო დაგტოვებს. ქართველ ხელოვანთ კი ოდითგანვე ეშინოდათ მარტოობის. ქართველ ხელოვანთ ოდითგანვე არ სჯეროდათ, რომ მარტოობა მადლია. ნიკო ფიროსმანი ხომ მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ეგზოტიკა იყო.

მაგრამ კარგმა ყნოსვამ თანდათან იმოქმედა მათ თვალსა და ყურზე. ყნოსვას არ უჩიოდნენ, მაგრამ მათ გარშემო რა ხდებოდა, უბრალოდ, ვეღარ ხედავდნენ. კარგმა ყნოსვამ პირდაპირ დაარტყა გულში და უგრძნობელი გახადა ეს ხალხი. ლიტერატურა გაივსო “ორნამენტებით”, კინო - თვითკმაყოფილი ნარცისიზმით, თეატრი - ლაზღანდარობით. ქვეყანას ტკივა, მათ კი არ სტკივათ. ადამიანებს დაერივნენ “ტაბურეტკებით, სცემენ ბავშვებს და ქალებს, იტყუებიან, იგინებიან, ერთმანეთს სახეში აფურთხებენ, ისინი კი “ორნამენტებზე” ფიქრობენ, რადგან ვეღარ ხედავენ. უბრალოდ, ვეღარ ხედავენ!

კშიშტოფ კიშლოვკის სულ არაფერი რომ არ გადაეღო თავის ცხოვრებაში, ერთი კადრით მაინც დარჩებოდა კინოს ისტორიაში, აი იმ კადრით, მუდმივად რომ იმეორებს თავის ფილმებში: მოხუცი ქალი ცარიელი ბოთლებით ხელში ნელა და გაჭირვებით მიდის სანაგვე ყუთთან. ძლივს დადის. იტანჯება. წამებაა ეს! მარტოობის ტრაგედიაა, რომელსაც დანახვა უნდა, კარგი თვალი და, ცხადია, კარგი გული უნდა. მეტი არაფერი!

მაგრამ მაინც არ გამოვა იმის ახსნა, თუ რატომ ჯობია წაიყვანო კულტურის ბლოკი ტელევიზიაში მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურის წევრობას. ბოლოს და ბოლოს გეტყვის, მორალს რომ მიკითხავ შენს თავს მიხედეო, აუცილებლად მიაგნებს მსგავს კომპრომისს შენს ცხოვრებაში, იმასაც მიაყოლებს, შენ რა, არ გიყვარს კარგი ცხოვრებაო? და დამთავრდება ყველაფერი. ის დარჩება იქ, სადაც არის. შენ დარჩები შენს “ჯიშთან”, რომელიც უკეთესი გგონია.

მაგრამ ჩემი “ჯიში” მართლა უკეთესია. მე ჩემი მეგობრები არ მაპატიებდნენ პუტინის ფესტივალის ჟიურის წევრობას. უბრალოდ, ზურგს შემაქცევდნენ და დამტოვებდნენ მარტო. თუმცა მარტო რატომ? პუტინთან და მიხალკოვთან ერთად, მომავალი პროექტების დაფინანსების მოლოდინში. ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ გავიმეორო, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. არ შეიძლება და მორჩა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100