სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით საქართველოში ბავშვთა პარაორკესტრი შეიქმნა

თბილისი, 2 აპრილი, 2015 – ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, კავშირმა „მშობელთა ხიდი“ პარაორკესტრი შექმნა. კავშირმა 2014 წელს ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამართულ მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და წარმატებით განახორციელა პროექტი, რომელიც გულისხმობს მუსიკით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიერ პარაორკესტრის ჩამოყალიბებას. პარაორკესტრის წევრები არიან სმენადაქვეითებული, უსინათლო, აუტისტური სპექტრის და მობილობის შეზღუდვის მქონე ბავშვები და მოზარდები. აღნიშნული პროექტის შექმნა, ხელს უწყობს შშმ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, მათი შესაძლებლობების რეალიზებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. მითუმეტეს რომ, მუსიკალური თერაპია ხელს უწყობს ბავშვების უნარ-ჩვევების განვითარებას.

2 აპრილს მოძრაობის თეატრში გაიმართა აღნიშნული პარაორკესტრის პირველი კონცერტი , რომელიც აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით , 2008 წლის 2 აპრილიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღნიშნავს აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს.

კავშირი „მშობელთა ხიდი“ შეიქმნა შშმ ბავშვების, მათთან მომუშავე პერსონალის-ფსიქოლოგების და მშობლების ინიციატივით 1999 წელს. კავშირის წევრების მიზანია განვითარდეს შშმ ბავშვების სასწავლო და სოციალური პირობები. კავშირს ყავს 50 ბენეფიციარი, რომლებსაც სისტემატიურად უტარდებათ: მუსიკალური თერაპია, დრამთერაპია, არტთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგორითმიკა და ფიზიკური თერაპია. ბენეფიციარებთან, მუშაობენ პროფესიონალები, როგორც ფსიქოლოგები ასევე სპეციალური პედაგოგები და მეთოდისტები.

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 2014 წელს ორი საგრანტო კონკურსი გამართა, რომელთა ფარგლებშიც დააფინანსა 26 პროექტი. ჯამში, 2014 წლის განმავლობაში 1 მილიონ 600 000 ლარამდე თანხა დახარჯა, განათლების, გარემოს დაცვის და შშმ ბავშვების მხარდასაჭერად. ფონდმა ასევე, ინდვიდუალური პირების 13 სხვა და სხვა პროექტი განახორციელა და 300 შშმ ადამიანს ეტლი გადასცა.

###

„სიცოცხლის ხის“ ფონდის შესახებ

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორებ. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.foundation.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100