ანდრეს ბრეივიკის "ევროპის დამოუკიდებლობის" დეკლარაციაში საქართველოცაა ნახსენები
ნორვეგიაში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორის, ანდრეს ბრეივიკის "ევროპის დამოუკიდებლობის" 1500 გვერდიან დეკლარაციაში საქართველოცაა ნახსენები.
დეკლარაციაში ბრეივიკი წერს, რომ ნატო-ს მხარს დაუჭერს თუ არა, ეს დამოკიდებულია აშშ-ზე.
ალიანსის მხარდამჭერი კი იგი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ამერიკა ნატო-დან თურქეთს და ალბანეთს დაითხოვს და იქ რუსეთს შეიყვანს.
თუმცა, ბრეივიკის აზრით, ასეთ შემთხვევაში რუსეთს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების დატოვება მოუწევს, რომელშიც სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც შედიან.
გარდა ამისა, ბრეივიკი ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა ან ტაივანი შევლენ.
მისი აზრით, ამ ალიანსმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კამპანიაში, რომელიც დასავლეთ ევროპიდან ყველა მუსულმანური ჯგუფის განდევნას მოიცავს.
"ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ ალიანსში ქრისტიანობის, ბუდიზმის და ინდუიზმის მიმდევარი ყველა ქვეყანა მოხვდეს. გაურკვეველია, რა სტატუსი ექნებათ ამ ალიანსში საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, თუმცა, უნდა ვეცადოთ, ისინიც ჩავრთოთ ამაში", - წერს ბრეივიკი დეკლარაციაში.
ანდრეს ბრეივიკი საბჭოთა კავშირიდან მოსახლეობის დეპორტაციის მაგალითებზეც წერს.
"გადასახლება ხდებოდა შემდეგი კატეგორიების მიხედვით – ანტისაბჭოთა საქმიანობია, "მუშათა კლასის მტრობა", შრომითი რესურსები, მიგრაცია ცარიელი ტერიტორიების შესავსებად", - წერს ბრეივიკი.
დეკლარაციაშივე აღნიშნულია, რომ კავკასიიდან წაყვანილ მამაკაცებს აიძულებდნენ სამხედრო მონები ყოფილიყვნენ, ქალები კი ჰარამხანაში მიჰყავდათ.
"1944 წლის ნოემბერში თურქი მესხები, ქურთები, ჰამშენები, ლაზები და აჭარის სასაზღვრო ზონის სხვა მცხოვრებლები – 92 ათასი ადამიანი უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადაასახლეს", - წერს ბრეივიკი.
ანდერს ბრეივიკი ოსლოში და ნორვეგიის კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორია. ტერორისტმა 97 ადამიანი მოკლა. 32 წლის ანდერს ბრეივიკი დაკავებულია და დანაშაულს აღიარებს.
კომენტარი