სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტვიტერში" დიმიტრი მედვედევის მადლობა მასხრად აიგდეს

როგორც ჩანს, მოსკოვს ცრემლებთან ერთად, არც სასწაულების სჯერა. მართალია, ამჯერად არც არავინ ელოდა სასწაულს, ანუ იმას, რომ "ედინაია როსია" დიდი უპირატესობით ვერ მოიგებდა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს, მაგრამ ეგზიტპოლები ჯერ კიდევ შუაღამისას დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ იძლეოდნენ. "ედინოროსები" იგებდნენ, მაგრამ ხმების რაოდენობა 40%-ზე ოდნავ მეტი იყო...

საჭირო გახლდათ დამატებითი ზომები. კიდევ იყო რაღაც საჭირო იმის გარდა, რაც გაკეთდა: მასობრივი დაპატიმრებები, პირზე დუჟმომდგარი "ომონელები", გააფთრებული კიბერშეტევა დამოუკიდებელ ინტერნეტ-მედიაგამოცემებზე...

საბოლოოდ, ყველაფერი გაკეთდა. პურინს უყვარს ასეთ სიტუაციაში სადავეების ხელში აღება და აიღო კიდეც: გამთენიისას "ედინაია როსიას" რეიტინგმა 50%-ს გადააჭარბა და მან საგრძნობლად ჩამოიტოვა უკან უახლოესი მდევარი - კომუნისტური პარტია (ესეც რუსეთის ერთ-ერთი მახასიათებელია - კომპარტიის "მარადმწვანე" მეორე ადგილი).

ამ დროს კი თავისუფალი ინტერნეტსევრცე მთელი ღამის განმავლობაში ბობოქრობდა. "ტვიტერში" დარეგისტრირებული ბევრი რუსი არც რუსეთის პრეზიდენტის მხილებას დაერიდა, როცა მან საკუთარ მიკრობლოგში ხალხს მადლობა გადაუხადა "ედინაია როსიას" მხარდაჭერისთვის. რამდენიმე წამში მიკრობლოგის კომენტარების ველი გამოხმაურებებითა და დარღვევების შესახებ ბმულებით აივსო: "სამარცხვინოა! თქვენი რეალური რეიტინგი 15%-ია! აბა ნახეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში..." - დაიწერა პირველივე კომენტარში და ამ კომენტარს რამდენიმე ბმული მოჰყვა. კომენტარებს მედვედევი, რაღა თქმა უნდა, აღარ გამოხმაურებია.

მანამდე კი, დილით, არჩევნების დაწყებამდე, მოსკოვში, მეცნიერებათა აკადემიის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ერთი პოლიტიკური კურიოზი მოხდა, რომლის შესახებაც "დრონი.ჯი"-მ უკვე კვირას დილითვე დაწერა და კურიოზის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. საქმე ის გახლავთ, რომ უბანში, სადაც ხმა თვით ვ.ვ. პუტინს უნდა მიეცა, რუსეთის სახელმწიფო დროშის ფერები აერიათ და ეს უმთავრესი სახელმწიფო სიმბოლო... თავდაღმა დაკიდეს. მართალია, შეცდომა პუტინის მოსვლამდე გამოასწორეს, მაგრამ ბლოგერებმა და რამდენიმე მედიაგამოცემამ ფოტო მაინც გამოაქვეყნეს და იხუმრეს კიდეც, პუტინის საქმე დღეიდან თავდაყირა ამოტრიალდებაო...

ნეტავ, მოსკოვს არც ცრურწმენების სჯერა?...

ბოლოს კი, გუშინდელ დღეს საოცრად მისადაგებულ კლიპს «Наш дурдом голосует за Путина!» კიდევ ერთხელ გაგახსენებთ და მისი ნახვა აქ შეგიძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100