სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თბილღვინოს“ დირექტორი: ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის საჭიროა ხუდონჰესის მასშტაბის ჰესების მშენებლობა

,,თბილღვინოს“ დირექტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის, რომელთა შორისაც მისი კომპანიაცაა, საჭიროა ხუდონჰესის მასშტაბის ჰესების მშენებლობა.

ბიზნესმენი ეთანხმება ენერგეტიკოსების და ეკონომისტების მოსაზრებას, რომ მხოლოდ დიდი ჰესებია ელექტროენერგიის ტარიფის სტაბილურობის შენარჩუნების გარანტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც დღეს ისედაც საკმაოდ მაღალია, კიდევ უფრო გაიზრდება, რაც აუცილებლად აისახება პროდუქციის წარმოების თვითღირებულებაზე და შესაბამისად, სამომხმარებლო ფასებზე, პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე საექსპორტო ბაზრებზე.

,,ჩვენ ძალიან ბევრ ელექტროენერგიას მოვიხმართ თბილისისა და ყვარლის ქარხნებში და მსხვილ მომხმარებლებად ვითვლებით. იმ შემთხვევაში, თუკი ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, შესაბამისად გაიზრდება ჩვენი ხარჯებიც. ხარჯების გაზრდისას კი მოგეხსენებათ ძვირდება პროდუქციის თვითღირებულებაც, რაც შემდგომში აუცილებლად აისახება სამომხმარებლო ფასებზე. ჩვენ გაზრდილი დანახარჯების ფასში გათვალისწინება მოგვიწევს, რაც გაზრდის ჩვენი პროდუქტის საბაზრო ღირებულებას. დაახლოებით, უხეშად, რომ ვთქვად რამდენი თეთრითაც მოიმატებს ელექტროენერგიის ღირებულება, იმდენი თეთრით გაიზრდება ფასები ჩვენს პროდუქტზე“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

ენერგეტიკოსები და ეკონომისტები კი აცხადებენ, რომ მცირე ჰესები, რომელთა მშენებლობასაც ეკოლოგთა ნაწილი მოითხოვს, არ წარმოადგენს დიდი, კაშხლიანი ჰესების ალტერნატივას, ვინაიდან მათი მშენებლობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიღება მხოლოდ სეზონურად არის შესაძლებელი. ხუდონჰესის მასშტაბის (დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატი) პროექტების განუხორციელებლობის შემთხვევაში, წლების განმავლობაში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება კი უნდა მოხდეს, ელექტროენერგიის იმპორტის და თბოლექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ხარჯზე, რაც დენის ტარიფებზე მომავალში აუცილებლად მოახდენს გავლენას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100