სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურამ 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ფაქტი გახსნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამთბილისში, 2005 წლის 3 დეკემბერს მომხდარი ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. საგამოძიებო უწყების ცნობით დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი შალამბერიძე.

"ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში გამოძიება 2005 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2015 წლის მარტში განაახლა. საქმეზე დაიწყო ინტენსიური გამოძიება, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გარემოებები. გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე N17 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას გიორგი შალამბერიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ირაკლი გურაბანიძეს ყელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი გურაბანიძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გიორგი შალამბერიძე, 2016 წლის 1 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100