სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპს იწყებს

იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპს იწყებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, შედეგად კი მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და საარჩევნო სიების ამ გზით სრულყოფა.

პირველ რიგში, შემოწმდება გაორებული ჩანაწერები − მოხდება გარდაცვლილთა ფოტოსურათების დადარება, გაორებების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. გაორებული ჩანაწერების შემოწმება განხორციელდება სრულწლოვნებისა და იმ არასრულწლოვნების მიმართაც, რომლებსაც 2016 წლის ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის უკვე განხორციელდა პროექტის პირველი ეტაპი „მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა“, რომლის ფარგლებშიც გაუქმდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე სრულწლოვან პირთა გაორებული ჩანაწერები. იმავე პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა ბიომეტრიული ფოტოსურათებიანი საარჩევნო სია, რაც საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელების თავიდან აცილების ერთ-ერთი მექანიზმია.

საარჩევნო სიების დაზუსტების ამ ეტაპზე, ასევე, შედარდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არსებული მონაცემთა ბაზები სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან, რის შემდგომაც მოხდება გარდაცვლილ პირთა იდენტიფიცირება და შემდგომი საქმისწარმოება. დღეის მდგომარეობით, მცირე რაოდენობით, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მონაცემთა ბაზაში ინახება გარდაცვლილი მოქალაქის აქტიური ჩანაწერი. ასეთი შემთხვევები, ძირითადად, გვხვდება მაშინ, როდესაც მოქალაქე გარდაცვლილია საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არ არის დარეგისტრირებული გარდაცვალების აქტი.

საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში პრობლემას ქმნის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული ისეთი დოკუმენტები, რომლებზეც არ ირიცხება ფოტოსურათები. ამიტომ მოხდება საკონსულო არქივების დიგიტალიზაცია და მოქალაქეთა ფოტოსურათების მონაცემთა ბაზაში განთავსება, რაც მასშტაბური სამუშაოა.

მაქსიმალურად შემცირდება მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე ან უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერები. ის სრულწლოვანი პირები, რომელთა ფოტოსურათებიც არ ირიცხება არც სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და არც მატერიალურ არქივებში, გათავისუფლდებიან პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან, საპროექტო გუნდი კი კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეთა ინფორმირებისა და დოკუმენტირების პროცესს.

ბიომეტრიული ფოტოსურათების ბაზის არსებობა აუცილებელია სრულყოფილი საარჩევნო სიის შესაქმნელად. ამიტომაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი ტემპებით გაიცა ასეულობით ათასი ელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი. დღეს 1,7 მილიონ მოქალაქეს აქვს ბიომეტრიული ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი უსაფრთხო დოკუმენტი.

ასევე, შემცირდება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ურთიერთშეუსაბამო პერსონალური მონაცემები. ამ მიზნით მოხდება საპასპორტო და სამოქალაქო აქტების ბაზაში არსებული მონაცემების შედარება, რის შემდგომაც გამოვლენილ სავარაუდო შეუსაბამობაზე პროექტზე მომუშავე ჯგუფი დაუკავშირდება მოქალაქეს და კოორდინაციას გაუწევს უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილ სამუშაოებს.

საარჩევნო სიის დახვეწა სამისამართო რეესტრის შემდგომ მოწესრიგებასაც ითვალისწინებს. დამისამართების მასშტაბურ პროექტზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრი ერთობლივად მუშაობენ. სამისამართო რეესტრის ამოქმედებამდე ქვეყანაში უამრავი აღურიცხავი, უმისამართო, არარსებული გეოგრაფიული ობიექტი და, ხშირ შემთხვევაში, დუბლირებული მისამართი არსებობდა. დაუზუსტებელი იყო თითოეულ მისამართზე მცხოვრებთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, არსებობდა ბევრი ხარვეზი საარჩევნო სიაში.

ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს 20 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ბოლნისი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, გორი, ახალციხე, ზესტაფონი, სამტრედია, ქუთაისი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ქობულეთი, ბათუმი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, მცხეთა და ხაშური) მთლიანად დაასრულა ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა-ინვენტარიზაცია. აქედან 18 ქალაქის (400 000-მდე ობიექტი) დამისამართება 2013-2014 წლებში დასრულდა. სრულად დაინომრა ამ ქალაქების ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები და ბინები. დამისამართების პროექტის ფარგლებში ბევრ უმისამართო და დაუნომრავ უძრავ ქონებას მისამართი მიენიჭა, ათასობით მოქალაქემ შეძლო პირადობის მოწმობის და სხვა დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამ ეტაპზე თბილისში მისამართების სისტემური ნუმერაცია და არასწორი მისამართების კორექტირება ხორციელდება. მიმდინარეობს ისეთი მისამართების გასწორება, რომლებსაც არ აქვს ნუმერაცია და მისამართად მითითებულია რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგალითად, მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ.). გარდა ამისა, ხდება დუბლირებული მისამართებისა და ე.წ. იტალიური ეზოების ნუმერაცია. ამ ეტაპზე დასრულებულია ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის, ისნის, სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში არსებული მისამართების კორექტირება, სამუშაოები მიმდინარეობს კრწანისის რაიონში.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიასთან. სააგენტოს მიერ მომზადებული ელექტრონული რუკების საფუძველზე ხდება კომისიის მიერ უსახელო ქუჩებისათვის სახელის მინიჭება. 2014 წლის განმავლობაში საჯარო რეესტრიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიას გაეგზავნა 250 უსახელო ქუჩის სამისამართო პროექტი, რომლის საფუძველზეც მოხდა ქუჩების სახელდება.

2015 წელს დაგეგმილია 19 მუნიციპალიტეტის დამისამართება (აჭარა − 5, გურია − 3, იმერეთი − 11), დამისამართება შეეხება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა დასახლებულ პუნქტს (ქალაქი, სოფელი, დაბა). იმისათვის, რომ დამისამართების პროცესი წარიმართოს შეფერხების გარეშე, საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტების) აქტიური ჩართულობა და საზოგადოების შესაბამისი ინფორმირება (მოსახლეობამ უნდა მიაწოდოს საველე ოპერატორებს ზუსტი ინფორმაცია).

მას შემდეგ რაც საჯარო რეესტრი ასრულებს გეოგრაფიული მონაცემების აღწერას ამა თუ იმ ადგილას, სერვისების განვითარების სააგენტო თითოეულ დაზუსტებულ მისამართზე ახდენს მასზე რეგისტრირებული პიროვნების აღწერას/ მიბმას.

კოორდინირებული მუშაობის შედეგად დამისამართების ერთიანი სისტემა უზრუნველყოფს დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ერთხელ და სამუდამოდ ფორმირებას. მოცემული წესით მომზადებულ საარჩევნო სიებში გამორიცხული იქნება ისეთი სახის ხარვეზი, როგორიცაა: არარსებულ გეოგრაფიულ ობიექტზე ამომრჩევლების რეგისტრაცია; მრავალი წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების არსებობა მონაცემთა ბაზებში, რომელთა აღრიცხვაზეც ოჯახმა დროულად ვერ იზრუნა; ბაზაში რიცხული უსურათო პირები, რომელთა იდენტიფიკაციაც საარჩევნო უბანზე გაძნელდება და სხვ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100